როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში - სატვირთო მანქანების გრძელი ხაზი საქართველოს გავლით

ამერიკული გამოცემა The New York Times-ი რუსეთში იმპორტირებულ დასავლურ საქონელზე მასალას ავრცელებს. როგორც ავტორი, ივან ნეჩეპურენკო წერს, ომის დაწყების შედეგად დასავლეთის მიერ ამოქმედებული სანქციების გამო, რუსეთი იძულებულია, სავაჭრო კავშირები ალტერნატიული გზებით იპოვოს, ამისთვის კი, ის საქართველოს იყენებს. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვართან ყოველ დღე სატვირთო მანქანების რიგები დგას.

„სატვირთო მანქანები, რომლებიც დატვირთულია სხვადასხვა სახის საქონლით - მაგალითად ქიმიკატებით, მანქანის ნაწილებით, სამრეწველო მასალებით და ა.შ. დღეების განმავლობაში ელოდებიან საზღვრის გადაკვეთას, რომელიც, როგორც წესი, იწყება თურქეთიდან და მთავრდება რუსეთის ქალაქებში, სადაც დასავლურ საქონელზე დიდი მოთხოვნაა“, - წერს ავტორი.

საქართველო რუსეთსა და გარესამყაროს შორის მოსახერხებელ ლოგისტიკურ არხად იქცა. ამასთან, საქონლის შეძენა საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების (სომხეთი და აზერბაიჯანი) გავლით, რუსეთს დაეხმარა, უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური წნეხი გადაეტანა.

კავკასიაში, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ უკიდურეს ნაწილში მდებარე საქართველო გთავაზობთ უსწრაფეს სახმელეთო მარშრუტს თურქეთამდე, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო კავშირი გახდა დასავლეთთან. საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკის, TBC Capital-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2022 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში თურქეთსა და რუსეთს შორის ტვირთების ტრანზიტი სამჯერ გაიზარდა მოცულობით და მისი დიდი ნაწილი საქართველოს გზებზე გადიოდა.

შეუძლებელია იმის თქმა, საქართველოზე გადასასვლელი ევროპული ტვირთის რა ნაწილს ექვემდებარება ევროკავშირის სანქციები. მაგრამ ქვეყნის რუსეთთან ვაჭრობის მთავარი რგოლის გამოჩენა ხაზს უსვამს პოტენციურ ხარვეზს ევროკავშირის სანქციების პოლიტიკაში.

ცნობილია, რომ მაისიდან რუსეთმა 20 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი, ე.წ. პარალელური იმპორტის პროცესის მეშვეობით მიიღო.

lars-1674125009.png

ეკა დარჩიაშვილი