რუსეთიდან წასული მოქალაქეების სახლები შესაძლოა, ობლებს გადასცენ

რუსეთიდან წასული მოქალაქეებისა და არამეგობრული ქვეყნების მესაკუთრეთა ქონებას ობლების დასახმარებლად მიმართავენ. ამ ინიციატივით ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ვიცესპიკერი, ანა კუზნეცოვა კემეროვოში ობლების საცხოვრებლის საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე გამოვიდა, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„არსებობს ხალხი, ვინც ქვეყანას უღალატა და ისინიც, ვინც ქვეყნიდან წავიდა. ასევე, რუსეთში საჯაროდ დარეგისტრირებულია ორგანიზაციები, რომელთა მფლობელები არამეგობრული ქვეყნების მოქალაქეები არიან. იქნებ, ობლების საცხოვრისისთვის სწორედ ამ სახსრებსა და რესურსებს მივმართოთ?!,“ - აცხადებს კუზნეცოვა.

კუზნეცოვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო სათათბირო უკან არ დაიხევს ამ საკითხის გადაწყვეტისგან, ვიდრე სერიოზული ნაბიჯები სათანადო ტემპით არ გადაიდგმება.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს სენატორმა, სერგეი ცეკოვმა განაცხადა, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც რუსეთი დატოვეს და ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ, ქონება უნდა ჩამოერთვათ და უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე პირებს გადაეცეთ.

მიმდინარე წლის იანვარში „რია ნოვოსტი“ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ სახელმწიფო სათათბირო იმ წასული რუსების ქონების კონფისკაციის კანონპროექტზე მუშაობს, რომელთა ქმედებებმა ქვეყანას ზიანი მიაყენა.

სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა 13 იანვარს თავის Telegram-არხზე დაწერა, რომ რუსეთიდან წასულ მოქალაქეებს, ვინც უარყოფითად ისაუბრეს ქვეყანაზე, მის მაცხოვრებლებსა და სამხედროებზე, ქონება უნდა ჩამოერთვათ. ის გამოდის ინიციატივით, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს მუხლი ექსტრემიზმისთვის ქონების კონფისკაციის, ნაციზმის რეაბილიტაციისა და რუსული არმიის დისკრედიტაციის შესახებ.

„წასული ნაძირლები ისევ ჩვენი ქვეყნის წყალობით ცხოვრობენ კომფორტულად. ამ ვითარებაში სწორი იქნება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების დამატება რუსეთის ფედერაციაში ნაძირალების ქონების ჩამორთმევის შესახებ, რაც მათ საკმარისად აქვთ, რომ ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი აანაზღაურონ. თუმცა ეს მათ, რა თქმა უნდა, სინდისს არ დაუბრუნებს,“ - წერს ვოლოდინი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ