ალიევი საქართველოს მონაწილეობით სატრანსპორტო მმართველი საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ტრანსკასპიური კორიდორის მმართველი კომიტეტის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც, საქართველოს მონაწილეობით, ყველა ჩართული ქვეყნის ერთგვარი საბჭო იქნება. ამის შესახებ ალიევმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სხდომაზე განაცხადა, რომლის თემასაც წარმოადგენდა „ევრაზიის შუა დერეფანი: გზიდან მაგისტრალამდე,“ - ინფორმაციას „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

„აუცილებელია, შევქმნათ ერთგვარი მმართველი კომიტეტი, რომელიც ცენტრალური აზიის ყველა ჩართული ქვეყნის, ასევე, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ევროპელი პარტნიორების საბჭო იქნება და მთელ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას გააერთიანებს,“ - აცხადებს ალიევი.

მისი შეფასებით, აზერბაიჯანს კასპიის ზღვაში 53 გემით ყველაზე დიდი სავაჭრო ფლოტი აქვს, თუმცა თურქმენეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის პორტები, ასევე, სარკინიგზო ხაზები შუა აზიის ქვეყნებს შორის ერთმანეთთან ცუდად კოორდინირებს.

„ისინი ცუდად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული,“ - ხაზგასმით აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდიენტი.

ამადენად, ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარება აუცილებელია.

„ასევე, მნიშვნელოვანია ამ გადაზიდვების უპირატესობებზე მუშაობა არა მხოლოდ „აღმოსავლეთ-დასავლეთის,“ არამედ „დასავლეთ-აღმოსავლეთის“ მარშრუტზე. ჯერჯერობით, ყველაზე მეტი ყურადღება იმას ექცევა, თუ როგორ იქნეს ტრანსპორტირებული საქონელი ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპაში. თუმცა ჩვენ, ასევე, უნდა ვიფიქროთ საქონლის საპირისპირო მიმართულებით ტრანსპორტირებაზეც,“ - აცხადებს ალიევი.

პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ ჩინეთის მიერ ინიცირებული ახალი ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტი საბოლოოდ კასპიის ზღვას, შემდეგ კი აზერბაიჯანს მიაღწევს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ