აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ჩამორთმეულ რუსულ აქტივებს უკრაინას უახლოეს თვეებში გადასცემს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა, ახლადმიღებული კანონის შესაბამისად, ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა, შესაძლოა, უახლოეს თვეებში დაიწყოს. ამის შესახებ იუსტიციის დეპარტამენტში უკანონოდ მოპოვებული აქტივების გამოვლენასა და კონფისკაციაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, ენდრიუ ადამსმა ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რასაც „უკრინფორმი“ ავრცელებს.

„ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ ჩამორთმეული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გადაცემა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ბოლოდროინდელ მოვლენას უკავშირდება," - აცხადებს ადამსი, რომელიც აშშ-ის ბიუჯეტის კანონში შეტანილ ცვლილებას გულისხმობს.

ეს ცვლილება ითვალისწინებს იუსტიციის დეპარტამენტის უფლებას, გადასცეს სახელმწიფო დეპარტამენტს ჩამორთმეული სახსრები უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიზნით. ენდრიუ ადამსი განმარტავს, რომ ამ გზით გადაცემას ყველა აქტივი არ ექვემდებარება, როგორიც არის, მაგალითად, საექსპორტო კონტროლის დარღვევების გამო ჩამორთმეული აქტივები.

„ეს არ არის „ვერცხლის ბურთი,“ მაგრამ იძლევა იმედს, რომ იუსტიციის დეპარტამენტიდან სახელმწიფო დეპარტამენტში ჩამორთმეული აქტივების პირველ გადარიცხვებს უახლოეს კვირებსა და თვეებში ვიხილავთ,“ - აცხადებს ადამსი.

უკრაინის სასარგებლოდ რუსეთის ფედერაციის აქტივების კონფისკაციის მექანიზმი მოკავშირეებიდან, შეერთებული შტატების გარდა, კანადამაც მიიღო: ივნისში „სპეციალური ეკონომიკური ზომების აქტში“ (Special Economic Measures Act) შევიდა ცვლილება, რომელიც უკრაინის დასახმარებლად რუსული აქტივების ჩამორთმევისა და გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

ამასთან, იანვრის ბოლოს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის გადაცემის სამართლებრივ ბაზას ესტონეთი წარადგენს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მიხკელ ტამმა ახლახან სააგენტო Bloomberg-ს განუცხადა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ