ლოჭინზე სარკინიგზო ხიდი გაიხსნა

"საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ ლოჭინზე სარკინიგზო ხიდი ოფიციალურად გახსნა.

ლითონის კონსტრუქციის ხიდი კახეთის მიმართულებით ლილო-ვაზიანის გადასარბენის მე-15 კილომეტრზე მდებარეობს. როგორც მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, "საქართველოს რკინიგზამ" დაასრულა მდინარე ლოჭინზე არსებული 100-წლიანი ხიდის რეაბილიტაცია. "ამ მონაკვეთზე ჩვენი სატვირთო გადაზიდვების ინტენსივობა საკმაოდ მატულობს, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია. შეიძლება ითქვას, რომ რეაბილიტაცია მოხდა რეკორდულად მოკლე დროში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს აღნიშნული ხიდის გარდა, "საქართველოს რკინიგზა" გეგმავს ოთხი ხიდის და სხვადასხვა ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციას. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ტექნიკური თვალსაზრისით, ხიდი წარმოადგენს მართლაც უნიკალურ ნაგებობას, მისი სიმაღლე არის 20 მეტრზე მეტი, ხოლო სიგანე 100 მეტრზე მეტს შეადგენს და საქართველოში მსგავსი ხიდი სულ რამდენიმეა. რაც შეეხება აღნიშნულ ხიდს, "საქართველოს რკინიგზამ" 1910 წელს აგებული ხიდის ახლით ჩანაცვლების გადაწყვეტილება მისი კრიტიკული მდგომარეობის გამო მიიღო. არსებობის 105 წლის მანძილზე, აღნიშნულ ხიდზე მნიშვნელოვანი კაპიტალური შეკეთება არ ჩატარებულა. ახალი ხიდის ავტორია შპს "ჯითი თრეიდი", ხოლო სამშენებლო სამუშაოები სს "ხიდმშენმა" შეასრულა. პროექტის ღირებულება 2 107 650 ლარს შეადგენს.