შვეიცარიამ გაყინული რუსული აქტივები უკრაინას შესაძლოა, რეფერენდუმის გზით გადასცეს

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრ იგნაციო კასის განცხადებით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციასა და უკრაინის აღსადგენად გამოყენებას, მაგრამ ბანკები ამ წინადადებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ინფორმაციას შვეიცარულ გაზეთ Tages-Anzeiger-ზე დაყრდნობით სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

„თუ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილი უკრაინის დასახმარებლად, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ დავაფინანსებთ ამ ქვეყნის აღდგენას,“ - განუცხადა კასისმა ადგილობრივ გამოცემას.

მისი თქმით, რიგი ქვეყნები რუსული აქტივების კონფისკაციას განიხილავენ, „თუმცა ეს კორექტულად და კანონის უზენაესობის ფარგლებში უნდა გაკეთდეს.“ მინისტრის მონაცემებით, შვეიცარიას ამ დროისთვის სანქცირებული რუსების 7,5 მლრდ ფრანკის (8,2 მლრდ დოლარის) აქტივები აქვს გაყინული, თუმცა ქვეყნის კანონმდებლობით მათი კონფისკაცია შეუძლებელია, კანონის შეცვლას კი რეფერენდუმი დასჭირდება.

„მხოლოდ იმიტომ, რომ მორალურად მართლები ვართ, ჩვენ მაინც არ შეგვიძლია, უბრალოდ ავიღოთ ფული, რომელიც არ გვეკუთვნის, რადგან საკუთრების უფლება ფუნდამენტურია,“ - აცხადებს კასისი.

შვეიცარიის ბანკები ამ წინადადებას მეტად კრიტიკულად შეხვდნენ. გამოცემა NZZ ერთ-ერთ ბანკირს ციტირებს, რომლის თქმითაც, საკუთრების უფლების უგულებელყოფა ძირს უთხრის შვეიცარიის, როგორც ფინანსური ცენტრის პოზიციას, ხოლო მეორე ბანკირმა ამ ნაბიჯს შვეიცარიის საბანკო სისტემისთვის „სიკვდილის განაჩენი“ უწოდა.

გასულ წელს რუსეთის უმდიდრესმა ოლიგარქებმა უკრაინის ომის გამო დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, თითქმის, 95 მლრდ დოლარი დაკარგეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ