ირაკლი ღარიბაშვილი: ორ წელიწადში სამეგრელო-ზემო სვანეთში 69 მლნ ლარის პროექტები განხორციელდა

2 წელიწადში სამეგრელო-ზემო სვანეთში 69 მილიონი ლარის ღირებულების 63 პროექტი განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში, ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის თავმჯდომარე ბიზნესმენებს რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა, ამჟამად არსებულთან მიმართებაში კი აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე 272 მილიონი ლარის ღირებულების 26 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. "მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურის განვითარება პირდაპირ განაპირობებს რეგიონის წინსვლას, ცხოვრების დონის ამაღლებას. ეს პროექტები მოიცავს საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და მყარი ნარჩენების მართვას. 2 წელიწადში სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩვენ განვახორციელეთ 69 მილიონი ლარის ღირებულების 63 პროექტი. ამჯერად ხორციელდება 272 მილიონი ლარის ღირებულების 26 ინფრასტრუქტურული პროექტი. ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის მე მინდა აღვნიშნო ასევე 166 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა მიმართულების პროექტები. ესენი გახლავთ: რუხის მრავალპროფილიანი კლინიკის კომპლექსის მშენებლობა, ანაკლიის ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობა, ზუგდიდში და ფოთში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, თეთნულდის სამთო-სათხილამურო ტრასებისა და მთის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სამეგრელო-ზემო სვანეთში ტურიზმის განვითარების კუთხით.  რაც შეეხება მიმდინარე წლის გეგმებს, - დაგეგმილია 124 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 19 ინფრასტრუქტურული პროექტი და 33-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა სოფლის მეურნეობის პროექტებზეც გააკეთა აქცენტი და განმარტა, რომ შეღავათიანი აგროკრედიტით (მეორე კომპონენტის ფარგლებში) საშუალო და მსხვილმა ფერმერებმა ისარგებლეს. "სულ დაფინანსდა 453 პროექტი და ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 6 მილიონი ლარი.  მესამე კომპონენტის ფარგლებში გავეცით შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისათვის. სულ დაფინანსდა 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 46 პროექტი. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი წამყვანი პროგრამა სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის "აწარმოე საქართველოში". ამ პროგრამის საშუალებით სამეგრელოში ჩვენ ხელს ვუწყობთ სხვადასხვა მიმართულების განვითარებას, მათ შორისაა ხორცის, თევზის, რძის გადამუშავება, მეფრინველეობა, სასათბურე მეურნეობების მშენებლობა. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ რეგიონში აქტიურად ხორციელდება გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში გრანტი უკვე დაუმტკიცდა რვა საწარმოს.  ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ საგაზაფხულო სამუშაოებში. 2013 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში 97 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო 24 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და მიწის სამუშაოების სახით. გასულ წელს 100 ათასზე მეტ ბენეფიციარს დავეხმარეთ და მათ ჯამში 10 მილიონ ლარზე მეტი დახმარება მიიღეს სახელმწიფოსგან. მიმდინარე წელს ასევე 100 ათასზე მეტ ბენეფიციარს ვეხმარებით სამეგრელოში და ამისათვის გამოყოფილია 7 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სარგებელი. მე მინდა აქვე გითხრათ აგროდაზღვევის პროექტის შესახებაც. 2014 წლის სექტემბრიდან, პირველად საქართველოში, ფერმერებს საკუთარი მოსავლის დაზღვევის საშუალება მიეცათ და ეს სამეგრელოს მაგალითითაც კარგად ჩანს - რეგიონში გაცემულია 1169 პოლისი; დაზღვეულია 1554 მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი 1000 ჰექტარზე მეტია; დაზღვეული მოსავლის ღირებულება 7 მილიონ ლარამდეა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა სოფლის მეურნეობისა, მთავრობის მეთაური ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროექტებსაც შეეხო და როგორც აღნიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 10 რაიონულ ცენტრს უკვე გადაეცა 29 ახალი სასწრაფო დახმარების მანქანა.