„იუვენტუსს“ ფინანსური თაღლითობის გამო 15 ქულა დააკლეს

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ტიტულოსან იტალურ საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსს“ მოთამაშეების ტრანსფერების არასწორი დაანგარიშების გამო ქვეყნის ჩემპიონატ Sera A-ში 15 ქულა დააკლეს.

გადაწყვეტილება იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ეს კი ნიშნავს იმას, რომ „იუვენტუსი“ ცხრილში მესამე ადგილიდან მეათე ადგილზე გადაინაცვლებს და დიდი ალბათობით, დაკარგავს შანსს, მოხვდეს ევროპულ ტურნირებზე, როგორებიცაა ჩემპიონთა ლიგა თუ ევროპის ლიგა.

„ბებერი ქალბატონის“ მესვეურები ბრალდებას უარყოფენ და განაჩენის გასაჩივრებას სპორტის საგარანტიო საბჭოში გეგმავენ. იუვენტუსთან ერთად გამოძიება კიდევ 2 კლუბზე, „გენოასა“ და „პარმაზე“ მიდიოდა, თუმცა ისინი ბრალდებებისგან გათავისუფლდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე საქმიანობას დროებით შეუზღუდავს კლუბის 11 წამყვან მენეჯერს, მათ შორის, ყოფილ თავმჯდომარეს ანდრეა ანიელისა და ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, მაურიციო არივაბანეს. ინგლისური კლუბის, „ტოტენჰემის“ ამჟამინდელ მმართველ დირექტორს და „იუვენტუსის“ ყოფილ აღმასრულებელ ფაბიო პარატიჩის საქმიანობა 30 თვით აეკრძალება.

ცნობისთვის, 1923 წლიდან მოყოლებული იტალიის მრავალგზის ჩემპიონ და ყველაზე ტიტულოვან კლუბს ანიელის მილიარდერთა ოჯახი ფლობს, რომელიც, ამასთან, ავტომობილების დამამზადებელი Fiat-ის დამფუძნებელი და მესაკუთრეცაა. ოჯახი ასევე განკარგავს Ferrari NV-ს, CNH Industrial NV-ს და ბრიტანულ მედია გამოცემა The Economist Group Ltd-ს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად Seria A-ს ცხრილის სათავეში 47 ქულით „ნაპოლია“, რომელშიც ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მეტად წარმატებული სეზონი აქვს. „ნაპოლი“ უახლოეს მდევარ „მილანს“ 9 ქულით უსწრებს და თასისთვის რბოლაში ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის „იუვენტუსის“ ჩამოშორება კლუბს საქმეს კიდევ უფრო გაუმარტივებს.

კახი ჩაკვეტაძე