”საქართველოში საუკეთესო ოლიმპიური სოფელი გვექნება”

საქართველოში ჩვენ გვექნება საუკეთესო ოლიმპიური სოფელი, - ამის შესახებ "ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის” თავმჯდომარემ ჯოზეფ ლიბამ განაცხადა.

წლის უმნიშვნელოვანესი სპორტული ტურნირის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის დაწყების ვადების მოახლოებასთან ერთად, სპორტული ბაზების და ოლიმპიური სოფლის დროულად დასრულების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. "ჰუალინგ ჯგუფის" ინფორმაციით, "თბილისის ზღვის ახალ ქალაქში" ოლიმპიური სოფლის მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს, კომპანიამ მიმდინარე პერიოდისთვის 170 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და 2015 წლის მაისში დასრულებულ, ინვენტარით და ავეჯით სრულად აღჭურვილ კომპლექსს თბილისის მერიას 3 თვის ვადით, უსასყიდლოდ გადასცემს.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში, ოლიმპიური სოფლის მშენებლობის ბოლო ეტაპი დაათვალიერეს და დადებითად შეაფასეს.

"ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალ ქალაქში" ოლიმპიური სოფლის სამი ვარსკვლავის სტანდარტის შესაბამისი 9 საცხოვრებელი კორპუსი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Hotels & Preferences Hualing Tbilisi, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, 2000 სტუმარზე გათვლილი რესტორანი, სარეკრეაციო ზონა და პარკინგის ტერიტორია უკვე დასრულებულია.