"უძრავი ქონების ფასები „გაბერილი“ და არარელევანტურია"

„დღესაც, უძრავი ქონების ფასები „გაბერილი“ და არარელევანტურია,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ უძრავი ქონების ასოციაციის თავმჯდომარემ ვაჟა მებაღიშვილმა განაცხადა.

„მთლიანად უძრავი ქონების სექტორი დადგა დიდი გამოწვევების წინაშე 2022 წლის თებერვლიდან. რუსეთ-უკრაინის ომის გამო, მივიღეთ აქტიურად მოზღვავებული რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების შემოსვლა ქვეყანაში. მოხდა ფასების ზრდა ბაზარზე, რაც ერთი მხრივ კარგი იყო, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს ის ნეგატიური ეფექტი, რაც რადიკალურად ცვლის ბაზარზე არსებულ ვითარებას.

ეს ფასები აბსოლუტურად არარელევანტური იყო იმ მოცემულობასთან, რაც ხდებოდა ბაზარზე, ბინების ფასი რეკორდულ ნიშნულზე ავიდა. მესმის, ეს მოთხოვნამ გამოიწვია, მაგრამ ეს არ იყო სწორი, რადგან ფასი ხარისხს არ უნდა სცილდებოდეს. სამწუხაროდ, ახლაც იმ მოცემულობაში ვართ, რომ უძრავი ქონების გასაყიდი თუ გასაქირავებელი ფასი არის „გაბერილი“ და არარელევანტური.

თუ შევხედავთ, ევროპაში უძრავ ქონებაზე ასეთი ბუმი არ არის, ეს ჩვენ ქვეყანაში მოხდა, რადგან ახლოს ვართ, მოსაზღვრე ქვეყანა ვართ, მარტივია შემოსვლა, ამან გამოიწვია მიგრანტების დიდი ნაკადიც. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ეს „ვიაგრას“ ეფექტივით არის. „ვიაგრას“ მოქმედება გავა და ეს ეფექტი ახლა კი გვაქვს, მაგრამ მერე რა იქნება? მივეჩვევით ამას და ხვალ რომ ეს ფასი აღარ იქნება, ვფიქრობ რთული გადასატანი იქნება მოქალაქეებისთვის,“-განაცხადა მებაღიშვილმა.

თაია არდოტელი