თურქეთში ყარსი-ერზურუმის ახალი ტურისტული სარკინიგზო მარშრუტი გაიხსნა

ყარსი-ერზურუმის მარშრუტზე პირველი ტურისტული ექსპრესმატარებელი გავიდა. რეისი შაბათს შესრულდა. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც სააგენტო Anadolu ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი სარკინიგზო მარშრუტი ანატოლიაში ტურიზმის სტიმულირების მიზნით ამოქმედდა, რაც ანკარასა და ყარსს შორის ტურისტული „აღმოსავლეთ ექსპრესის“ მიმართ მზარდმა ინტერესმა განაპირობა. ანკარა-ყარსის ექსპრესი რამდენიმე წელია, კურსირებს.

სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ ყარსი-ერზურუმის ტურისტული ექსპრესი ზამთრის სეზონზე მოგზაურობის მზარდ მოთხოვნასაც დააკმაყოფილებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ყარსი-ერზურუმის მარშრუტზე ტურისტული ექსპრესი 31 იანვრამდე ყოველდღიურად, თებერვლიდან კი მხოლოდ შაბათ-კვირას იმუშავებს. მატარებელი ყარსიდან ადგილობრივი დროით 07:20 სთ-ზე გავა და ერზურუმში 11:10 სთ-ზე იქნება, ხოლო ერზურუმიდან უკან 14:55 სთ-ზე გამოვა და ყარსში 18:45 საათზე ჩავა. მარშრუტზე ექსპრესმატარებელი მხოლოდ ყარსის რეგიონის სოფელ სარიკამიშის სადგურზე გაჩერდება.

ტურისტული ექსპრესი 234 მგზავრზეა გათვლილი, ხოლო ბილეთების შეძენა ინტერნეტის, მობილური აპლიკაციებისა და რკინიგზის სადგურების სალაროებში არის შესაძლებელი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ