ილონ მასკი გატაცების შიშით მამის და თავის უსაფრთხოებაზე დიდ ფულს ხარჯავს

ილონ მასკი მამამისის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და გატაცების შიშის გამო თავის დაცვაზე დიდ ფულს ხარჯავს. ინფორმაციას ექსკლუზიურად The US Sun ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტექნიკური მაგნატის მამა, ეროლ მასკი ამბობს, რომ 51 წლის ილონმა სამხრეთ აფრიკაში მდებარე სახლში მისი უსაფრთხოებისთვის პირველი კლასის დაცვაში სერიოზული ინვესტიცია ჩადო. პენსიაზე გასული ინჟინრის, 76 წლის ეროლ მასკის თქმით, მისი შვილი შიშობს, რომ ოჯახის მიზანში ამოღებით გამტაცებლებს „20 მლნ დოლარის სწრაფად გამომუშავება შეუძლიათ.“

The US Sun-ის ცნობით, გასულ თვეში ილონმა განაცხადა, რომ თავის სიცოცხლეზე მას შემდეგ შიშობს, რაც Twitter Files-ები გამოაქვეყნა. მისი თქმით, ფაილებმა კონტენტის ცენზურის მიზნით სოციალური მედიის პლატფორმასთან აშშ-ის მთავრობის გარიგება გამოავლინა.

Twitter-ის მფლობელმა, ასევე, დაბლოკა ექაუნთი, რომელიც თვალყურს ადევნებდა მის პირად თვითმფრინავს. მასკის თქმით, ექაუნთი რეალურ დროში მის ზუსტი ადგილმდებარეობას აქვეყნებდა, რასაც მან „მკვლელობის კოორდინატები“ უწოდა. ამასთან, რვა შვილის მამა ირწმუნება, რომ ლოს-ანჯელესში „გიჟი მეთვალთვალე,“ სავარაუდოდ, იმ მანქანას აედევნა, რომლითაც მისი მცირეწლოვანი ვაჟი, X Æ A-12 დაჰყავთ.

უსაფრთხოებაზე შვილის შეშფოთების შესახებ კომენტარის დროს ეროლმა გამოცემას განუცხადა, რომ ილონმა მამის დაცვა მის წინააღმდეგ ბოლო მუქარის შემდეგ გადაწყვიტა.

„ჩვემი შვილი ამბობს, რომ თუ ისინი ერთ-ერთ ჩვენგანს გაიტაცებენ, ეს იქნება ყველაზე სწრაფი 20 მლნ დოლარი, რაც კი ოდესმე ვინმეს გამოუმუშავებია თავის ცხოვრებაში. ვფიქრობ, ილონი ცოტა გულუბრყვილოა იმ მტრების მიმართ, რომლებიც მან განსაკუთრებით Twitter-ის ფაილებმა გამოავლინა. ჩემი თავის არა, მაგრამ მართლა მეშინია, რომ რაღაც შესაძლოა, ილონს შეემთხვეს, იმის მიუხედავად, რომ მის გარშემო 100-მდე დაცვის თანამშრომელია. ვფიქრობ, დროის საკითხია, ვიდრე ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ჩემმა შვილმა Twitter-ის ფაილებით გამოავლინა, იტყვის, რომ ციხეში წასვლა არ სურს და ილონის თავს „შეუკვეთავს.“ ეს სარაკეტო მეცნიერება არ არის,“ - აცხადებს ეროლ მასკი.

მისი თქმით, ილონის წინააღმდეგ გაზრდილი მუქარის გამო გასულ თვეში თავისი შვილის გუნდმა უსაფრთხოების ზომები მის სახლშიც გააძლიერა. კერძოდ, მამის სახლში დამონტაჟდა კამერების მაღალტექნოლოგიური სისტემა და ელექტროღობე, ასევე, კბილებამდე შეიარაღებული მცველები 24-საათიან მონიტორინგს ეწევიან.

„დეკემბერში მივიღე შეტყობინება დაცვის კომპანიისგან, რომ სახლის დაცვაზე ინსტრუქცია აქვთ მიღებული. ამგვარად, ამჟამად სახლში მაქვს ცხრა კამერა, რომელსაც 24/7-ის რეჟიმში აკონტროლებენ და რომლის მონიტორინგიც თავადაც შემიძლია ტელეფონითა და ტელევიზორით. ჩემი სახლის გარშემო ელექტროღობეც დაამონტაჟეს. პირველი კლასის დაცვა მაქვს, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში სარეზერვო სიმძლავრით მუშაობს. მათ აქ დააინსტალირეს ყველაფერი, რისი წარმოდგენაც კი შეიძლებოდა. ეს დაუჯერებელია,“ - ამბობს ეროლ მასკი.

გასული წლის სექტემბერში The U.S Sun-მა გამოაქვეყნა სტატია, თუ როგორ მოკლა ეროლმა „კლინტ ისტვუდის სტილში“ სამი შეიარაღებული თავდამსხმელი 1998 წელს, სამხრეთ აფრიკაში, რომლის დროსაც მისი ექვსი წლის შეშინებული ქალიშვილი, ალი მამას ფეხზე ეჭიდებოდა. ალიმ მოგვიანებით ფსიქოლოგ-ტრავმატოლოგს განუცხადა, რომ სროლის შემდეგ თავს ნორმალურად გრძნობდა, რადგან მამამისმა გაიმარჯვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ