გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი რეკორდულ მაჩვენებელზეა - რამდენმა სატვირთომ გადაკვეთა საზღვარი დეკემბერში

2022 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო. კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, გასულ წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 128,055 მლნ ლარი შევიდა, 2021 წელს - 66,414 მლნ ლარი, 2020 წელს კი 63,064 მლნ ლარი.

ამასთან, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მხოლოდ დეკემბერში, სატვირთო ავტომობილების მფლობელებმა გზის სარგებლობისთვის ბიუჯეტში 15.9 მლნ ლარის გადასახადი გადაიხადეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გასული წლის ბოლო თვეს საქართველოს დერეფანი 45 560-მა სატვირთომ გადაკვეთა. 2021 წლის დეკემბერში კი ბიუჯეტში მძღოლებმა 5,875 მლნ ლარი გადაიხადეს, შესაბამისად, იმავე პერიოდში ქვეყნის სატრანსპორტო დერეფანი 29 376-მა სატვირთომ გადაკვეთა, ეს კი 55%-იანი ზრდაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ. შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.