ოთარ შამუგია, ბერლინში, საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2023″ გახსნის ღონისძიებას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის, „მწვანე კვირეული 2023" (Gruene Woche 2023) გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოფენის „მწვანე კვირეული" მთავარი მიზანი თანამედროვე სოფლის მეურნეობის, გადამმუშავებელი მრეწველობისა და მებაღეობის სექტორების განვითარების ხელშეწყობაა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ სტენდზე 16-მა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა. გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარები არიან.

ქართველი მეწარმეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დამთვალიერებელს ქართულ ღვინოს და ალკოჰოლურ სასმელებს, ნატურალურ წვენებს, თაფლს და კიდევ არაერთი ქართულს პროდუქციას აცნობენ. აღსანიშნავია, რომ ქართული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია. შესაბამისად, პოპულარიზაციის კამპანიისთვის ეტაპობრივად ვზრდით ბიუჯეტს, ვთანამშრომლობთ საერთაშორისო მაღალი კლასის მარკეტინგულ კომპანიებთან, რითაც ხელს ვუწყობთ ჩვენს მეწარმეებს, საკუთარი პროდუქციით წარმოდგენილები იყვნენ ყველა მნიშვნელოვან გამოფენაზე, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, იაპონიაში, ჩინეთში, საუდის არაბეთში. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავზარდოთ ქართული აგრარული პროდუქციის ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე, გავხადოთ ის მოთხოვნადი, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის, სტაბილურად მზარდი იყოს ექსპორტის მაჩვენებლები“, -განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ოთარ შამუგიამ ქართულ სტენდთან სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებს უმასპინძლა. შეხვედრები გაიმართა გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურ მინისტრ ჯემ ოსდემირთან, ბერლინის მერ ფრანცისკა გიფისთან, ევროკომისართან სოფლის მეურნეობის მიმართულებით იანუშ ვოჩიეჩოვსკისთან, ასევე, ლიეტუველ, ლატვიელ, ესტონელ და უზბეკ კოლეგებთან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გამოფენაში „მწვანე კვირეული 2023" საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილებს და დამთვალიერებლებს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს აცნობს.

„გამოფენაში „მწვანე კვირეული 2023" მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელმაც დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, პროდუქტებს და მიმართულებებს აცნობს.

ბერლინის საერთაშორისო გამოფენა „Gruene Woche” 1926 წლიდან, ყოველწლიურად იმართება. წელს გამოფენაში 72 ქვეყნის 1400-ზე მეტი კომპანია იღებს მონაწილეობს, დამთვალიერებელთა რაოდენობა კი 400,000-ს აჭარბებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.