მიხეილ დაუშვილი - ირაკლი კობახიძე მანიპულირებს - არავის გაუკიცხავს „ოცნება“ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებისთვის

ჩემი აზრით, ირაკლი კობახიძე მანიპულირებს - როცა ვაჭრობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არავის გაუკიცხავს „ოცნება“ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებისთვის,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კობახიძე და „ქართული ოცნება“ ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს ხელისუფლებას ქართველი ფერმერის წარმოებული პროდუქტის რუსეთში გაყიდვის გამო აკრიტიკებს, თუმცა სინამდვილეში კრიტიკა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით გაჩენილმა კითხვებმა გამოიწვია.

დაუშვილი აღნიშნავს, რომ მთავარი, რის გამოც კითხვები ჩნდება, არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ დასავლეთში არ ენდობიან და მათ სიტყვებს ფასი არ აქვს.

„სამწუხაროა, რომ „ოცნების“ და კობახიძისთვის CNN-ც კი მათთან მებრძოლი გახდა. საბოლოო ჯამში, ეს ხალხი ერთ რამეს ვერ მიხვდა, რომ მათ ქვეყანა აბარიათ, ქვეყანაზე აქვთ პასუხისმგებლობა აღებული და არ შეიძლება ის, როგორც იქცევიან. „ოცნებას“ რაზეც აკრიტიკებენ, ეს უკავშირდება ორ რამეს: სათანადო პოლიტიკური მხარდაჭერის გამოცხადების ნაკლებობას და გაჩენილ კითხვებს, ხომ არ ეხმარებიან რაიმე ფორმით რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში. ამ ორ ელემენტარულ საკითხს ვერ გაართვა „ოცნებამ“ თავი და ვერ გაართვა, თუ არ გაართვა, ეს კიდევ საკითხავია,“ - განაცხადა დაუშვილმა.

ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როდესაც კონკრეტული უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ რუსეთი საქართველოდან შეტანილი საქონლით “ითქვამს სულს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ტყუილია", რადგან საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო. CNN არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული,” - განაცხადა კობახიძემ.