ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს პროექტით - "ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის" დაინტერესებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს პროექტით - "ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის" დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

შესაბამისი მოწოდება მთავრობის მეთაურმა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების მისამართით სამეგრელოში გააკეთა, სადაც ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდა.

"ჩვენი მთავრობის პოლიტიკამ, ბიზნესის ხელშეწყობამ, თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა განაპირობა ინვესტიციების ზრდის ტენდენცია რეგიონში. მე მინდა მოვუწოდო ჩვენს ბიზნესმენებს, რომ დაინტერესდნენ ამ შესანიშნავი მხარით და აქ განახორციელონ მათთვის საინტერესო ბიზნესპროექტები. ძვირფასო ბიზნესმენებო, მე დიდ იმედებს ვამყარებ თქვენზე. ჩვენ ერთად უნდა განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. ამ საქმეში თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბიზნესს ჩვენგან ექნება სრული მხარდაჭერა. მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება გვერდში დაგიდგებათ", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სახელმწიფოს მხარდაჭერა გამოხატული იქნება მეწარმეების თანადაფინანსებაში, ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებაში, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების უზრუნველყოფაში, ბუნებრივ რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფაში, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ადმინისტრაციულ მხარდაჭერაში. "კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩაებათ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში. მე მჯერა, რომ თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს ჩვენი რეგიონების გაძლიერებაში და ამ დიდი საქმის აქტიური მონაწილეები გახდებით. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ჩვენს რეგიონებს, ერთად გავაძლიერებთ ჩვენს საქართველოს", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს.