სტამბოლში ევროპაში უსწრაფესი მეტროს ხაზი გაიხსნა

სტამბულში ევროპაში ყველაზე სწრაფი მეტროს ხაზი ამოქმედდა, მან თურქული მეგაპოლისი მის ევროპულ ნაწილში მდებარე აეროპორტთან დააკავშირა. ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, მატარებელი ამ ახალი ხაზით 90-120 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება. შედეგად კი კაგიტხანის სადგურიდან აეროპორტამდე დისტანციას, რომელიც 34 კმ-ია, მატარებელი 24 წუთში დაფარავს. ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის ადილ კარაისმაილოღლუს თქმით, მთლიანობაში ხაზის სიგრძე შეადგენს 69 კმ-ს.

„ჩვენ ვქმნით მეტროს უზარმაზარ სისტემას, რომელიც წლის ბოლომდე მოიცავს ქალაქის მთელ დასავლურ ნაწილს“, - განაცხადა მან ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბრისას.

მანვე დასძინა, რომ პერსპექტივში ეს ხაზი ინტეგრირებული იქნება ჩქაროსნულ მატარებლის ხაზთან. „სტამბულის აეროპორტი იქნება გაჩერება იმ სარკინიგზო ქსელის, რომელიც მოდის ანკარადან. პროექტი ტენდერის ჩატარების დონეზეა და წლის განმავლობაში დაიწყება ლიანდაგის დაგების პროცესი“, - თქვა მან.

მეტროს ახალი ხაზის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდორანმა განაცხადა, რომ ის გათვლილია 800 ათასი მგზავრის გადაყვანაზე.

„ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ დავანახეთ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია მეტროს მშენებლობა. სტამბოლი ახლა მსოფლიოს ლიდერია, სადაც სხვებზე მეტად ვითარდება სარკინიგზო ტრანსპორტი. ამ მიმართულების პროექტების რეალიზების შედეგად ჩვენ გვექნება 380 კმ სიგრძის სისტემა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ გახსნიდან 1 თვე მეტროს ამ ხაზით სარგებლობა უფასო იქნება.

სტამბულის ახალი აეროპორტი 2019 წელს გაიხსნა, მას შემდეგ რაც დაიხურა ათათურქის აეროპორტი, რომელიც ევროპის ყველაზე გადატვირთული აეროპორტების სამეულში შედიოდა. ახალი აეროპორტის მშენებლობის სრულად დასრულების შემდეგ, 2025 წლისთვის მას შეეძლება წლიურად 150 მილიონ მგზავრს მოემსახუროს.

კოკა კვირკველია