ოთარ შამუგია, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ლიეტუველ კოლეგას ბერლინში, მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2023” ფარგლებში შეხვდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმდინარე პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ოთარ შამუგიამ ლიეტუვას სოფლის მეურნეობის მინისტრს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისგან მიღებული რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობს, რათა ქვეყანამ უმოკლეს დროში მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„ლიეტუვას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღიად დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრაზე მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ლიეტუვა ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობს მარკეტინგულ კომპანიასთან TRIBE INTERNATIONAL, რომელიც უზრუნველყოფს ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთში ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიის განხორციელებას, რაც ხელს უწყობს ბალტიისპირეთის ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.