ოთარ შამუგია თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო საქმეთა მინისტრ ვაჰით ქირიშჯის ბერლინში შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პერსპექტივები განიხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ვაჰით ქირიშჯიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთს საქართველოსთან არა მხოლოდ მეზობლური, არამედ მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, საქართველოსთვის თურქეთი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია, რასაც კიდევ მეტად შეუწყო ხელი თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ - ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდია.

„ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ნეტო-ექსპორტიორი ქვეყანა. ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ფერმერებს არაერთი მიმართულებით ეხმარება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თურქულ მხარესთან ერთად, თევზჭერისა და სატყეო მიმართულებებით თანამშრომლობის მემორანდუმების პროექტზე მუშაობა დაასრულა, რაც მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნისთვის.