სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისა და მოსახლეობის კომპენსაციისთვის სამეგრელოს მუნიციპალიტეტებს მთავრობამ 6 780 000 ლარი გამოუყო

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის, ასევე მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ჯამში 6 780 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 470 000 ლარი გამოიყოფა.

„რეგიონის მასშტაბით ძლიერმა ქარმა სხვადასხვა სახის ზიანი მიაყენა 2400-მდე კერძო საცხოვრებელ სახლს.

ამასთან, გარდა კომპენსაციებისა სრულად აღდგება დაზიანებული ინფრასტრუქტურა რისთვისაც მთავრობამ რეგიონისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყო 5 310 000 ლარი.

სტიქიის პირველი წუთებიდან რეაგირება იყო მყისიერი, გამართულად იმუშავა ყველა მუნიციპალურმა სამსახურმა, პრემიერის უშუალო დავალებით, სწრაფი კოორდინაციისა და არსებული ვითარების დროულად გადასაწყვეტად ადგილზე იმყოფებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები”, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.