ზელენსკის სანქცირებულთა ახალ სიაში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა - ვინ არის და რას საქმიანობს ვახტანგ ყიფშიძე

უკრაინის პრეზიდენტის 23 იანვრის ბრძანებით, სანქცირებულთა ახალი 22-კაციანი სია გამოქვეყნდა, რომელშიც ერთი, წარმოშობით ქართველი რუსეთის მოქალაქე ვახტანგ ყიფშიძეა.

ახალ სასანქციო სიაში მოხვდა რუსეთის საპატრიარქოსთან დაკავშირებული 22 პირი, მათ შორის, პატრიარქ კირილეს ძმისშვილი მიხეილ გუნდიაევი. ის არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ეკლესიების მსოფლიო საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჟენევაში.

ვინ არის ვახტანგ ყიფშიძე

ვახტანგ ყიფშიძე 1981 წელს მოსკოვში დაიბადა და ამჟამად რუსეთის ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების უფროსი და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელია.

ვახტანგ ყიფშიძემ 2004 წელს დაამთავრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უნივერსიტეტის (МГИМО) საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. იმავე წელს შეუერთდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილებას.

მონაწილეობდა ევროპის ეკლესიების კონფერენციის, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს, რელიგიების მსოფლიო კონფერენციის მშვიდობისთვის, ევროპის საბჭოს, იუნესკოს, ეუთოს და სხვა ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

ის იყო OSCE/ODIHR-ის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ექსპერტთა ჯგუფის წევრი.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, ვახტანგ ყიფშიძემ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო სამიტში 2006 წელს. 2008-2013 წლებში იყო რადიო გადაცემების „რწმენა და მშვიდობა“ და „რელიგია და საზოგადოება“ რადიო „რუსეთის ხმის“ წამყვანი.

2012 წელს დაინიშნა სინოდალური ინფორმაციის დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების უფროსად.

2016 წლის მარტში დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად. ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იმავე წლის 16 აპრილს თანამდებობაზე დამტკიცდა.

2018 წლის 14 ივლისი შედის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ეთიოპიის ეკლესიას შორის დიალოგის ორმხრივ კომისიაში.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქცირებულთა პირველი სია 2022 წლის 19 ოქტომბერს გამოაქვეყნა. პირველივე სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი, მათ შორის, ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, ივანიშვილების დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი ტიტე მამაცაშვილი. ასევე ბიზნესმენები დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები. სანქციების მეორე სიაში კი, შოთა აფხაიძე და ალექსანდრე ორჯონიკიძე. ბოლოს, დღეს გამოქვეყნებულ სიაში კი მოხვდა ვახტანგ ყიფშიძე.

თამარ მუკბანიანი