წამლის პირველი სასახლეები საქართველოში

როგორ იქმნებოდა ქართული ფარმაციის ისტორია?

ფარმაცია 21- საუკუნის საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული და ის მომგებიან ბიზნესად მიიჩნევა. დარგის წარმატებაზე მიუთითებს ჩვენს ქვეყანაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გახსნილი როგორც საცალო, ისე სააფთიაქო ქსელები. წამალზე მოთხოვნა რომ ყველა დროში დიდია, ეს ძველი ამბავია. თუმცა, ალბათ ცოტას ეცოდინება, თუ როგორ და რომელ საუკუნეებში იწყება ქართული ფარმაციის ისტორია.

ქართული ფარმაციის ისტორიას ქართველი ისტორიკოსები, მედიკოსები და მეცნიერები პირობითად სამ ეტაპად ყოფენ: ძველი, ახალი (საბჭოთა) და უახლესი პერიოდი. ყველაფერი კი წამალთმცოდნეობით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება. წამალთმცოდნეობა საქართველოში ოდითგანვეა ცნობილი. ისტორიულად, მეფე აიეტის დროს, კოლხეთში, სამკურნალო მცენარეთა ბაღები იყო გაშენებული. მცენარეთა საიდუმლო თვისებებს იცნობდა აიეტის მეუღლე - ჰეკატე და ასევე მისი ქალიშვილი მედეა.

წამლების შესანახად შესაბამისი ადგილი - წამლის სახლი იყო საჭირო. ჩვენი ერის ძნელბედობის გამო, საქართველოში პირველი აფთიაქების არსებობის შესახებ, სამწუხაროდ, ბევრი ცნობა არ არის შემორჩენილი. თუმცა, რაც შემორჩა, იქიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აფთიაქის ცნებას დიდი ხნის ისტორია აქვს და ის უნიკალური ციხე-ქალაქების, ვარძიისა და უფლისციხის სახელს უკავშირდება...

როგორც ცნობილია, ვარძიის მშენებლობა 1156 წელს დაიწყო გიორგი მესამემ და 1204 წელს თამარ მეფემ დაასრულდა. ამ კომპლექსში ყურადღებას იქცევს მე-6 სართულზე მდებარე აფთიაქი. აფთიაქის პირობითი ნომერია 70. მას ესაზღვრება №69 და №68 ოთახები, რომლებიც დამხმარე სათავსოები უნდა ყოფილიყო. №70 ოთახის სიგრძე 4,5 მეტრია, სიგანე 4,30 მეტრი, სიმაღლე 2,10 მ. მთლიანი ფართობი 19,35 კვ/მ, ხოლო სამივე ოთახის სავარაუდო ფართობი 60 კვ. მ-ია.

ვარძიის წამლის სასახლეში აღმოსავლეთ კედელზე დამზადებული წამლების შესანახად გამოკვეთილი 91 თახჩაა, ჩრდილოეთზე - 67, დასავლეთზე - 44, სამხრეთზე - 19, სულ 221 ე.წ თახჩაა (ანუ სათავსო, იგივე კარადა). გარდა ამისა, იატაკში ამოთხრილია 14 ორმო, რომელშიც შესაძლებელია მცენარეულ ნაყოფს წნეხდნენ ან აწვრილმანებდნენ. სამხრეთ კედელზე არის სათავსო, სადაც შესაძლოა მოტეხილობისათვის საჭირო არტაშანებს ინახავდნენ. ამოთხრილ ორმოებში თავსდებოდა 20-30 კგ ტევადობის კერამიკის ან სხვა მასალისაგან დამზადებული ჭურჭელი, რომელშიც წამლის მოსამზადებელი კომპონენტები ან ნაზავები ინახებოდა. თახჩებზე მოთავსებული ჭურჭელი კერამიკულიც იყო, ფაიფურისაც და მინისაც. სააფთიაქო ჭურჭლის სახელწოდებანი კი ამ დროს ასეთია: ჯამი, ჭიქის ჭურჭელი, კოჭობი - თიხის ქოთანი, საწური, ქვის ქოთანი, თანგირა (სპილენძის ქვაბი), როდინი და სხვა. არსებობდა წამლის ფორმებიც ნაირსახეობაც: აბი, ფხვნილები, სალბუნი (მალამო), ყურსი (ტაბლეტი), მაჯუმი (სხვადასხვა სახის ნარევი რთული წამლის ფორმა), თრიაყი (შხამსაწინააღმდეგო საშუალება მოწამვლის დროს), მათბუხი (გამზადებული ნახარში) და ა.შ.bpn

თუმცა, ამავე ისტორიული წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ ვარძია არ ყოფილა წამლის პირველი სასახლე საქართველოში. უფლისციხეში №48 და №86 ოთახებში ვარძიის თახჩების მსგავსი 28-მდე თარო შეიმჩნევა, რაც აქ წამლის სახლის - აფთიაქის არსებობაზე მიუთითებს. გარდა ამისა, ზედა ვარძიის გამოქვაბულშიც, რომელიც მტკვრის ხეობაში, ერუშეთის მთებშია და ვარძიის ძირითადი კომპლექსისგან 3 კილომეტრითაა დაშორებული, არის ვარძიის წამლის სასახლის მსგავსი სამოთახიანი წამლის სახლი, სადაც წამლის შესანახი 30-მდე კარადაა შემორჩენილი. იგი აშენებულია 1042-1058 წლებში ლიპარიტ II ბაღვაშის დროს.

სად და როდის გაიხსნა საქართველოში პირველი აფთიაქი, დღეს ძნელი სათქმელია, ზუსტი თარიღი ისტორიკოსებს ჯერჯერობით არ დაუდგენიათ. თუმცა, ცნობილია თარიღები საქართველოს ახალი ისტორიიდან. ამბობენ რომ, თბილისში პირველი აფთიაქი 1740 წელს კათოლიკე მისიონერებმა გახსნეს და მას დედაქალაქელებმა „წამალთხანა“ უწოდეს. 1805-1806 წლებში კი თბილისში სახაზინო აფთიაქიც გაიხსნა.

სხვა ცნობების მიხედვით, ჩვენს დედაქალაქში პირველი აფთიაქი 1829 წლის 6 მაისს გახსნილა, რომელსაც რამდენჯერმე შეუცვლია მისამართი და საბოლოოდ ლეონიძის ქუჩაზე დაუდია ბინა. ცნობისთის, სამსართულიანი სახლის პირველ სართულზე აფთიაქი დღესაც ფუნქციონირებს. არაერთი პატრონი გამოიცვალა, მაგრამ არც ერთ მათგანს შიდა დიზაინი არ შეუცვლია. აფთიაქში შესვლისთანავე თვალში მოგხვდებათ უნიკალური ავეჯი. გერმანული დიზაინის, კაკლის ხის, კედელში ჩასმული მოჩუქურთმებული კარადები ზუსტად იმ ხნისაა, რამდენისაც აფთიაქი. როგორც ახლა, აფთიაქს მაშინაც ორი დარბაზი (სარეცეპტო და მზა ფორმების განყოფილება) ჰქონდა. იატაკს, ჭერსა და კედლის მოხატულობას თუ არ ჩავთვლით, აქ ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც ორი საუკუნის წინ. როგორც ძველი თბილისის მკვიდრნი ამბობენ, ამ შენობაში 1829 წლიდან მოყოლებული სააფთიაქო საქმიანობა არასდროს შეწყვეტილა.

1870 წლიდან საქართველოში უკვე 23 აფთიაქი ფუნქციონირებდა, 1890 წელს - 63, ხოლო 1914 წელს - 161. 2012 წლის მონაცემებით კი, ფარმაცევტული ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში დაახლოებით 2400 აფთიაქია.

ცნობილია, რომ მსოფლიოში პირველი აფთიაქი არაბეთში გახსნილა - ბაღდადში ფუნქციონირება მას 754 წელს დაუწყია. ინგლისში წამლის პირველი სახლი 1387 წელს, ბერლინში - 1438 წელს, მოსკოვში - 1581 წელს გაუხსნიათ. იტალიური აფთიაქების ისტორია კი მე-12 საუკუნესა და ქალაქ ნეაპოლს უკავშირდება. სწორედ იტალიურ თარიღს ემთხვევა ვარძიის აფთიაქის არსებობაც, რომელიც სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე, უფლისციხისა კი - კიდევ უფრო ადრე ფუნქციონირებდა.

რაც შეეხება სიტყვა „აფთიაქის" ეტიმოლოგიას, ის XI საუკუნის ათონის ივერთა მონასტრის წერილობით წყაროში იხსენიება. გიორგი მთაწმინდელის თხზულებაში „ცხოვრებაი იოვანესი და ექვთიმესი" ვკითხულობთ: „აპოთიკი და ბოსტანი და წისქვილნი კელარისა საურავნი იყვნეს". ეს „აპოთიკი" კი იგივეა, რაც ლათინური სიტყვა Apotheka - „აფთიაქი".

მარი მელიქიშვილი