”სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს აქვს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი”

პროექტი "ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის" იქნება ეკონომიკური წინსვლისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში, ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პრემიერ-მინისტრის აზრით, ამ პროექტის განხორციელებას მოჰყვება რეგიონების ეკონომიკური აღმავლობა, ქალაქების გამოცოცხლება, საწარმოების ამუშავება და ჩვენი მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. "სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს აქვს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი. მინდა გითხრათ, რომ მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ სრულად შეისწავლა ამ რეგიონის შესაძლებლობები - ბუნებრივი რესურსები, ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური რესურსები. ჩვენ გვაქვს სრული სურათი, თუ რა არის საჭირო რეგიონის ფეხზე დასაყენებლად და უკვე გვაქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმა. სამეგრელო-ზემო სვანეთის შესწავლის შედეგად რეგიონის განვითარებისთვის გამოიკვეთა 3 ძირითადი მიმართულება. ესენი გახლავთ: სოფლის მეურნეობა, სატრანსპორტო-ლოგისტიკური განვითარება შესაბამისი მომსახურებით და ტურიზმი. რეგიონში არსებობს ძალიან კარგი რესურსი თხილის მოყვანა-გადამუშავებისთვის, რძისა და ხორცის გადამუშავებისთვის, ჩაის წარმოებისთვის, ხილის წარმოება-გადამუშავებისთვის, საკონსერვო წარმოებისთვის, მეცხოველეობის, მეფრინველეობის, მეფუტკრეობის განვითარებისთვის, ეთერზეთების წარმოებისთვის, სანერგე და სასათბურე მეურნეობების განვითარებისთვის, ხურმის ჩირის დამზადებისთვის, მარცვლეულისა და სოიოს კვების პროდუქტების გადამუშავებისთვის. რეგიონში ასევე არსებობს ძალიან კარგი რესურსი წარმოების განვითარებისთვის. კერძოდ, ზუგდიდში არსებობს რესურსი ავეჯის გადამუშავებისათვის, ხის სამშენებლო მასალების, კონსტრუქციებისა და ნაკეთობების წარმოებისათვის, უალკოჰოლო სასმელებისა და ლუდის წარმოებისათვის, სამშენებლო მასალების წარმოებისათვის; მარტვილში პერსპექტიულია საშრობი მეურნეობების განვითარება, სენაკში - ცემენტისა და აგურის წარმოება, ხობში -თაბაშირ-მუყაოს გადამუშავება, თხილის გადამუშავება, სიმინდის ზეთის გადამუშავება.

სამეგრელო-ზემო სვანეთს აქვს ისეთი ბუნებრივი რესურსების მარაგი, როგორიცაა: სააგურე თიხა, კირქვა, ქვიშა-ხრეში, მარმარილო, ანდეზიტი, ბაზალტი, ტრავერტინი, დოლომიტი, ასევე სასმელი და მინერალური წყალი. და, რა თქმა უნდა,ასეთი სიმდიდრის მქონე რეგიონი ეკონომიკურად უნდა გაძლიერდეს. ჩვენ ეს რესურსი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ.

სამეგრელო-ზემო სვანეთი არის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით მდიდარი და გეოგრაფიული ლანდშაფტით გამორჩეული რეგიონი. ჩვენ ამ მიმართულებითაც აქტიურად უნდა ვიმუშაოთ და ის დიდი პოტენციალი, რომელიც სამეგრელოს ტურიზმისთვის აქვს, დაუშვებელია, რომ მთლიანად არ გამოვიყენოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეალური საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში საინტერესო ბიზნესპროექტები განხორციელდეს.