Oxfam - მსოფლიო მოსახლეობის 1%-მა დანარჩენ კაცობრიობაზე ორჯერ მეტი ფული დააგროვა

მსოფლიო მოსახლეობის 1%-მა 2020 წლიდან, თითქმის, ორჯერ მეტი ფული, 26 ტრლნ დოლარი დააგროვა, ვიდრე დანარჩენმა კაცობრიობამ, რომლის 99%-მა მთლიანობაში 16 ტრლნ დოლარი გამოიმუშავა. ამის შესახებ ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის კვლევის შედეგებში არის ნათქვამი, რასაც „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ექსპერტები წერენ, რომ მილიარდერებმა სუპერმოგება ენერგეტიკის სექტორისა და კვების მრეწველობის სწრაფი ზრდის შედეგად მიიღეს. ამ სფეროებში 95-მა კომპანიამ მოგება გააორმაგა, ანუ 306 მლრდ დოლარი მიიღო და აქციონერებს 257 მლრდ დოლარი გადაუხადა. გამდიდრებულ პირთა სიაში Walmart-ის საცალო ქსელის მფლობელი, უოლტონების დინასტია და ინდოელი მილიარდერი, გაუდამა ადანი შედიან.

Oxfam-ის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ყოველდღიურად 2,7 მლრდ დოლარით მდიდრდებიან. კვლევის ავტორები სუპერსიმდიდრეზე გადასახადის დაწესებას მოითხოვენ. ისინი წერენ, რომ მულტიმილიონერებსა და მილიარდერებზე 5%-მდე გადასახადის დაწესებამ კაცობრიობას წელიწადში შესაძლოა, 1,7 ტრლნ დოლარი მოუტანოს, რაც 2 მილიარდი ადამიანის სიღარიბის დასაძლევად იქნებოდა საკმარისი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ