თაზო დათუნაშვილი - საპრივატიზაციოდ გამოტანილ ქონებას ოლიგარქები ეპატრონებიან

პრივატიზაციის გეგმა ჩავარდა - საპრივატიზაციოდ გამოტანილ ქონებას ოლიგარქები ეპატრონებიან, - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა თაზო დათუნაშვილმა საპრივატიზაციო პოლიტიკის შეფასებისას აღნიშნა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში არ შემოდის უცხოური ინვესტიციები და საპრივატიზაციოდ გამოტანილ ქონებას ოლიგარქები ეპატრონებიან.

„გასული წლის ბიუჯეტით დაგეგმილი იყო 300 მილიონი ლარის აქტივების გასხვისება, ანუ პრივატიზაცია. გეგმა 92,2 მილიონი ლარით ჩავარდა და მხოლოდ 67,6%-ით შესრულდა.

რა ზარალი მიადგა ქვეყანას პრივატიზაციის გეგმის ჩაგდებით:

სახელმწიფო ბიუჯეტს 90 მილიონის ოდენობით შემოსავალი დააკლდა; ქვეყანაში არ შემოდის უცხოური ინვესტიციები და საპრივატიზაციოდ გამოტანილ ქონებას ოლიგარქები ეპატრონებიან.მუბედურებების მთელი კასკადია:

პირველი - ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო მთელი ეკონომიკური დოვლათის ფაქტობრივად 80%-ს ფლობს, წლიური პრივატიზაციის გეგმა სულ რაღაც 300 მილიონი ლარია. ფოსტას, რკინიგზასა და ელექტროსისტემას კი ისევ სახელმწიფო ფლობს.

მეორე - ყველაზე მსხვილი ობიექტები წმ. მიხეილის საავადმყოფო და რიყის დოქებია და ორივე მათგანი ბიძინა ივანიშვილის პარტნიორებმა, შალვა ბრეუსმა და დავით ხიდაშელმა შეიძინეს. კი, კი, იმ დავით ხიდაშელმა, ძველ რუკებს რომ იტაცებს.

მესამე - სიდიდით მესამე ობიექტი, ფოთის პორტის მიმდებარედ, 74 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყო, რომელიც ივანიშვილის ოჯახმა შუამავლების დახმარებით შეიძინა. კონკრეტულად ადიკო ივანიშვილის პარტნიორმა.

მეოთხე - იმის გამო, რომ 2022 წელს 200 მილიონ ლარზე მეტის ქონება ვერ გაასხვისეს, ადგნენ და გადაწყვიტეს, რომ 2023 წლის ბიუჯეტში მხოლოდ 200 მილიონი ჩაედოთ. აი ასე, მარტივად…

დასკვნების გამოტანა იოლია:

- ვიდრე ამ ოდენობის ქონება სახელმწიფოს ხელში დარჩება, ღარიბი ხალხის ქვეყანა ვიქნებით;

- სანამ ყველაზე დიდი შემსყიდველები ქვეყანაში ოლიგარქი, მისი ოჯახი და მისი საძმაკაცო მინიოლიგარქები იქნებიან, ქვეყანა ვერ გამდიდრდება;

- სანამ პრივატიზაცია წელიწადში 200 მილიონი რჩება, ეს ქვეყანა მაჩანჩალა ეკონომიკის იქნება“, - აღნიშნავს თაზო დათუნაშვილი.

ინფორმაციას "ლელო" ავრცელებს.