სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყება, რაც ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ შემცირებადი ინფლაციის მიმართულება მდგრადია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყება, რაც ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ შემცირებადი ინფლაციის მიმართულება მდგრადია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რთულია იმის თქმა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი 1-ელ თებერვალს დაგეგმილ სხდომაზე.

„როცა ფასების შემცირებაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ინფლაციის ტემპი შემცირდეს. როცა ქვეყნდება ხოლმე თვიური ან წლიური ინფლაცია, ეს არის ინდექსი და მასში არის გარკვეული პროდუქტები, რომელზე ფასები მცირდება და რომელზეც იზრდება. ჩვენ ცალკეულ პროდუქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ნორმის თარგეტირება გავაკეთოთ. ჩვენ, ზოგადად, ინფლაციას, როგორც ფასების საერთო დონის ცვლილებას ისე ვუყურებთ. ის ტენდენცია, რომელიც არსებობს, ვფიქრობთ, რომ გაგრძელდება ჩვენი პროგნოზის მიხედვით. დაახლოებით თებერვლის თვიდან უნდა დავინახოთ ინფლაციის უფრო მეტად შემცირება და წლის მესამე კვარტალში უკვე თარგეტთან ახლოს ყოფნა. რადგან გაურკვევლობა ჯერ კიდევ მაღალია, აქედან გამომდინარე, პროგნოზების გაკეთება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ძალიან რთულია.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, ვფიქრობ, რომ მას შემდეგ რაც უკვე დაინახავს ეროვნული ბანკი, რომ შემცირებადი ინფლაციის მიმართულება არის მდგრადი და მას საფრთხე არ ემუქრება, ანუ ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია, ამის შემდეგ შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე ფიქრი. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 1-ელ თებერვალსაა. რა თქმა უნდა, წინასწარ რთულია იმის თქმა, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ანალიზი ჩატარდება და განვიხილავთ, მაგრამ ვფიქრობ, იმისთვის, რომ დაიწყოს შემცირება, კიდევ უფრო მდგრადი შემცირების ტრენდი უნდა დავინახოთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.