M&M's რეკლამიდან მოლაპარაკე კანფეტებს ამოიღებს

Mars-ის კუთვნილი და შოკოლადის მწარმოებელი კომპანია M&M's რეკლამებში გამოგონილ პერსონაჟებს, ე.წ. მოლაპარაკე კანფეტებს (spokescandies) დროებით აღარ გამოიყენებს. მიზეზი მათი გარეგნობის ცვლილებით გამოწვეული კრიტიკაა. ამის შესახებ კომპანიის მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

„გასული წლის განმავლობაში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ ჩვენი საყვარელი მოლაპარაკე კანფეტების გარეგნობაში. ჩვენ არ გვეგონა, რომ ამ ცვლილებებს ვინმე შეამჩნევდა და ეს გადაწყვეტილება ინტერნეტს ააფეთქებდა. თუმცა ახლა გვესმის, რომ მოლაპარაკე კანფეტების ფეხსაცმელიც კი შესაძლოა, საზოგადეობის გამყოფი გახდეს, რაც M&M's-ს ყველაზე მეტად არ სურდა, რადგან ჩვენ ყოველთვის ხალხის გაერთიანებას ვცდილობდით,“ - ნათქვამია M&M's-ის განცხადებაში.

რეკლამიდან წითელი და ყვითელი გმირები გაქრებიან, რომელთა სახეებიც ჯერ კიდევ 1950-იან წლებში გამოიგონეს. მოლაპარაკე კანფეტების ნაცვლად, ბრენდს ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი, მაია რუდოლფი წარადგენს. The Wall Street Journal-ის თანახმად, ის მთავარ როლს ითამაშებს M&M's-ის რეკლამაში, რომელიც თებერვალში ნაციონალური საფეხბურთო ლიგის საფინალო მატჩისთვის, ანუ Super Bowl-ისთვის გამოვა.

M&M's-მა პერსონაჟების რედიზაინს გასული წლის დასაწყისში მიმართა. კერძოდ, კომპანიამ ქალის სტილის „მწვანე კანფეტის“ მაღალქუსლიანი ჩექმები სპორტული ფეხსაცმლით ჩაანაცვლა, რომ მისი ზედმეტი სექსუალიზაცია თავიდან აეცილებინა და პერსონაჟი უფრო თანამედროვე გაეხადა. ამასთან, მწარმოებელმა „ყავისფერი კანფეტის“ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც უფრო დაბალი და კომფორტული ქუსლიანი ფეხსაცმლით შეცვალა. ამის გარდა, ექვს მოლაპარაკე პერსონაჟს სექტემბერში კიდევ ერთი ქალი პერსონაჟი, „იისფერი კანფეტი“ დაემატა, რომელსაც ბოდიპოზიტივი უნდა გამოეხატა. ცვლილებებმა ინტერნეტში ცხარე კამათი გამოიწვია.

მიმდინარე თვეში კომპანიამ კანფეტების სპეციალური ხაზი შეფუთვაზე მხოლოდ ე.წ. ქალი კანფეტების გამოსახულებით გამოუშვა, რომ ხაზი გაესვა „მსოფლიო ქალებისთვის, რომლებიც სტატუსკვოს ცვლიან.“ გაყიდვებიდან მიღებული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცათ, რომლებიც ქალთა მხარდაჭერაზე არიან ორიენტირებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ