სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დავით კეზერაშვილის მიერ ავტომობილის შეძენის საქმეზე მოკვლევა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას ავტომობილი აჩუქა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეაგირება.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“,- აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, დავით კეზერაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის ავტომობილის ჩუქებაზე რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია. საკითხს ნიკა მელია 23 იანვარს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "საჩუქრების” წამოძახება გარდა იმისა რომ მდაბიო საქციელია, უამრავი ტყუილით, სპეკულაციით და ცილისწამებითაა სავსე. ნიკა მელია განმარტავს, რა ვითარებაში მოხდა მისთვის „მეორადი ავტომობილის" შეთავაზება, რომელიც კეზერაშვილმა გაგზავნა.

„დამატებითი ავტომობილის არანაირი საჭიროება არ გვქონდა, როდესაც ერთ დღეს, ჩემთვის მოულოდნელად პეტრე ცისკარიშვილმა და ზურაბ მელიქიშვილმა მითხრეს, რომ პარტიის ავტოფარეხში იდგა მეორადი ავტომობილი რომელიც გამოგზავნა დავით კეზერაშვილმა. ცხადია არ მითხოვია, თავად გადაწყვიტა თავისი სურვილით და მოგვიანებით სატელეფონო საუბრისასაც ასეც აღნიშნა.

მას შემდეგ რაც, დავინახე დავით კეზერაშვილისგან მცდელობა ჩარეულიყო შიდა პარტიულ პროცესებში, რამდენჯერმე (2022 წლის ივნისის თვიდან) ვცადეთ ამ ავტომობილის მისთვის დაბრუნება.

ბოლოს, ამ წლინახევრის წინაც ვთხოვე ბაჩო დოლიძეს გადაეცა კეზერაშვილის ოჯახის წევრისთვის, დიმა ჩიქოვანისთვის, რომელმაც არ ჩაიბარა ეს ავტომობილი და იგი დღემდე დგას პარტიის ავტოფარეხში“, - განაცხადა მელიამ.