ვოლოდინი გაქცეული რუსებისთვის ქონების დიფერენცირებული კონფისკაციის იდეით გამოდის

ქვეყნიდან წასული რუსების ქონების კონფისკაციის საკითხი დიფერენცირებული იქნება. ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„ასეთი ფიგურანტი ბევრი და განსხვავებულია, ამიტომ მიდგომაც უნდა იყოს დიფერენცირებული იმის მიხედვით, თუ ვინ რა წამოროშა. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია,“- აცხადებს ვოლოდინი.

მან წასულები ორ ჯგუფად დაყო. პირველ ჯგუფში შედიან რუსები, რომლებსაც „შეეშინდათ, გაიქცნენ, თუმცა თავისთვის ჩუმად სხედან, შეძენილით ცხოვრობენ ან მუშაობენ და ქვეყანას არ ლანძღავენ, არ ეხებიან იმ ბიჭებს, რომლებიც ომში იბრძვიან.“ მეორე კატეგორიას ვოლოდინმა მიაწერა ის რუსები, რომლებიც წასვლის შემდეგაც „ქვეყნის ხარჯზე ცხოვრობენ და თან სამშობლოს ტალახს ესვრიან და ფეხებს აწმენდენ,“ ამიტომ, სპიკერის აზრით, სახელმწიფო დუმა ვალდებულია, ამაზე რეაგირება, მათ შორის, კანონმდებლობით მოახდინოს.

ვოლოდინმა დასძინა, რომ ქონების კონფისკაციას ზედმეტ ზომად ნამდვილად არ მიიჩნევს, რადგან ის უნდა შეეხოს პირებს, ვინც კანონი დაარღვია და ქვეყანას ზიანი მიაყენა, ხოლო სასჯელის სხვა ზომა ამ პირებამდე არ აღწევს და ამიტომ მას მშვიდად იტანენ.

ვოლოდინმა 13 იანვარს თავის Telegram-არხზე დაწერა, რომ რუსეთიდან წასულ მოქალაქეებს, ვინც უარყოფითად ისაუბრებს ქვეყანაზე, მის მცხოვრებლებსა და სამხედროებზე, ქონება უნდა ჩამოერთვათ. ის გამოდის ინიციატივით, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს მუხლი ექსტრემიზმისთვის ქონების კონფისკაციის, ნაციზმის რეაბილიტაციისა და რუსული არმიის დისკრედიტაციის შესახებ.

იანვარშივე „რია ნოვოსტი“ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ სახელმწიფო სათათბირო იმ წასული რუსების ქონების კონფისკაციის კანონპროექტზე მუშაობს, რომელთა ქმედებებმა ქვეყანას ზიანი მიაყენა. თუმცა, წყაროს ცნობით, ოფიციალური მითითება კომიტეტებისთვის არ მიუციათ და მისი შემუშავება მხოლოდ ინციატივის წესით დეპუტატებს დაევალათ. წყარო არ აკონკრეტებს, თუ ვინ არის დაკავებული ამ საქმით.

ამასთან, სახელმწიფო სათათბიროს ვიცესპიკერი, ანა კუზნეცოვა აცხადებს, რომ რუსეთიდან წასული მოქალაქეებისა და არამეგობრული ქვეყნების მესაკუთრეთა ქონება ობლების დასახმარებლად უნდა იქნეს მიმართული. თუმცა მიმდინარე კვირას რუსეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, „ნორნიკელის“ გენერალურმა დირექტორმა, ვლადიმირ პოტანინმა წასულებისთვის ქონების კონფისკაცია კატეგორიულად დაგმო.

„ხალხი წავიდა და ალბათ, ამის მიზეზი ჰქონდა. შესაძლოა, მიმდინარე მოვლენებიდან ისინი რაღაცამ დააბნია,“ - აცხადებს პოტანინი.

მილიარდერის თქმით, წასული ადამიანების უმეტესობა რუსულ კომპანიებში მუშაობას განაგრძობს და ეს მუშახელი სანქციებით დაზარალებული რუსული ეკონომიკის აღსადგენად საჭიროა.

„ამიტომ პატივით უნდა მოვეკიდოთ მათ რწმენას, რომელიც შესაძლოა, გარკვეულწილად არ მოსწონდეთ უფრო პატრიოტ ადამიანებს. მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ,“ - ხაზგასმით აღნიშნა პოტანინმა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ