იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია ხელისუფლებას მიმართავს და გამოსახლებების პროცესზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს

იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია ხელისუფლებას მიმართავს და გამოსახლებების პროცესზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს.

როგორც ასოციაციის დამფუძნებელმა, გიგა წულეისკირმა მედიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მაშინ, როდესაც კონკრეტულ შემთხვევებზე საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობს, ხოლო საქმეებში მევახშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება, არ შეიძლება აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოქალაქეების გამოსახლების პროცესი აწარმოოს.

„ჩვენი ასოციაცია აქტიურად მუშაობს მევახშეების წინააღმდეგ. სამოქალაქო დავების გარდა, გვაქვს საქმეები, სადაც მევახშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება. აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლობა პროკურატურასთან და ასევე ფინანსურ პოლიციასთან, რამდენიმე მევახშის მიმართ დაწყებულია საგამოძიებო პროცედურები. სანამ საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს, პარალელურ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურმა დაიწყო ჯარიმების გამოწერა, რადგან მევახშეებისგან წართმეული უძრავი ქონებები დაზარალებულ ადამიანებს გაყიდულ უძრავ ქონებებად ჩაუთვალეს – ეს კიდევ ერთი ახალი პრობლემაა. აღსრულების ეროვნული ბიუროც აგრძელებს გამოსახლებებს. მინდა მოვუწოდო, როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს და აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გამოცხადდეს მორატორიუმი, შეჩერდეს გამოსახლებები მანამ, სანამ საგამოძიებო უწყებები კონკრეტულ „ქეისებს” გამოიძიებენ“, - აცხადებს გიგა წულეისკირი.

როგორც ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნანო ცხადაია აღნიშნავს, ასოციაცია მევახშეებისგან დაზარალებულ ყველა პირს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.

„ჩვენ გვქონდა რამდენიმე „ქეისი”, სადაც ძალიან უხეში ფორმებით გამოასახლეს ადამიანები. ასევე, მიმდინარეობს ასობით სისხლის სამართლის საქმე კერძო მევახშეების წინააღმდეგ. ველოდებით ძალიან მალე რამდენიმე შემთხვევაზე გადაწყვეტილებას“,- აცხადებს ნანო ცხადაია.