რუსეთმა აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მესამედით შეამცირა - კრიპტომაინინგი აფხაზეთს წელიწადში 7 მლნ ლარზე მეტს აკარგვინებს

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ეკონომიკის მინისტრ ქრისტინა ოზგანის ცნობით, წელს რუსეთი აფხაზეთის ელექტროენერგიის დეფიციტს 600 მილიონი კვტ/სთ-ის მიწოდებით დაფარავს, მაშინ, როცა 2022 წელს რუსეთის ფედერაციიდან 900 მილიონი კვტ/სთ-ის დეფიციტი დაიფარა. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

ოზგანის თქმით, შარშანდელი მიწოდება რუსეთის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში განხორციელდა, ხოლო წლევანდელ დახმარებაზე შეთანხმებას 2022 წლის დეკემბერში ე.წ სამთავრობათაშორისო კომისიის მე-19 სხდომის ფარგლებში მიაღწიეს. თუმცა, ოზგანი ამბობს, რომ წლევანდელი მოცულობა არსებული დეფიციტის სრულად დაფარვის საშუალებას არ იძლევა, რის გამოც აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდა.

თავის მხრივ, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უკმაყოფილება გამოთქვა კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური კომისიების მუშაობაზე, რომლებიც აფხაზეთის ყველა რაიონში შეიქმნა. მისი თქმით, მათი მუშაობა არაადეკვატურია.

ბჟანია ამობს, რომ დღეისთვის უამრავი მოწყობილობა მოსახლეობის სახლებში არის განთავსებული და თითო ოჯახში 5-10 ცალი მაინინგაპარატია. მისი მონაცემებით, ერთ სახლში დამონტაჟებული 5 მოწყობილობა 2,5 კვტ/სთ-ს მოიხმარს, ხოლო ამ მოცულობის 365 დღეზე გამრავლებით ელექტროენერგიის წლიური მოხმარება 109 ათასი კვტ/სთ-ს შეადგენს, რაც, ფულადი თვალსაზრისით, 1.30-რუბლიან (4 თეთრიან) ტარიფზე 142 ათასი რუბლი (5360 ლარამდე) გამოდის. აფხაზეთში, მთლიანობაში, დაახლოებით, 50 ათასი ასეთი აპარატია. ამდენად, ბჟანია ამბობს, რომ უკანონო კრიპტომაინინგი აფხაზეთს წელიწადში ნახევარ მილიარდ რუბლს, (7 მლნ ლარზე მეტი) აკარგვინებს.

„ეს ობიექტური სურათია. მოსახლეობას რომ მივმართოთ, აზრი აღარ აქვს, რადგან ისინი არ მოგვისმენენ. ამდენად, რაკი დარწმუნების მეთოდი ჩვენთან აღარ მუშაობს, იძულების მეთოდზე უნდა გადავიდეთ,“ - აცხადებს ბჟანია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ