2022 წელს ბრიტანეთში საავტომობილო წარმოება 9,8%-ით შემცირდა, თუმცა გაყიდვებმა 9,4%-ით მოიმატა

დიდ ბრიტანეთში ახალი ავტომობილების წარმოება გასულ წელს 9,8% შემცირდა, ამის მიზეზი კი მიწოდების ჯაჭვში არსებული გლობალური პრობლემებია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის ავტომწარმოებელთა და ავტოგამყიდველთა ასოციაცია ავრცელებს (Society of Motor Manufacturers and Traders).

მათი ინფორმაციით, ბრიტანული კონვეიერიდან გასულ წელს 775 ათასი ავტომობილი გადმოვიდა. ამავდროულად, 2022 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ელექტრომობილების წარმოებამ, რომლის ნიშნული 234 ათასია, რაც 4,5%-ით მეტია 2021 წელზე. სულ ელექტროფიცირებულ ავტომობილებზე მოვიდა წარმოების 30,2%.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, წარმოებული ავტომობილების 78,3% ბრიტანეთიდან ექსპორტზე გავიდა, რაც 14%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ძირითად ბაზრებად კი ევროკავშირი (ექსპორტის 57,6%), აშშ (13,3%) და ჩინეთი (8,7%) სახელდება.

ყველაზე პოპულარული ბრიტანეთში წარმოებული საექსპორტო ავტომობილი კი იყო MINI, Nissan Qashqai, Toyota Corolla, Range Rover და Nissan Juke.

რაც შეეხება ბრიტანეთში 2022 წელს ახალი ავტომობილების გაყიდვებს, ის წინა წელთან შედარებით 9,4%-ით არის გაზრდილი.

კოკა კვირკველია