BP - შაჰდენიზის გაზის მოპოვება წელს პიკს მიაღწევს

შაჰდენიზის საბადოს პროექტის ტექნიკური ოპერატორი კომპანია, BP მოელის, რომ საბადოზე ბუნებრივი აირის მოპოვება წელს პიკს მიაღწევს. ამის შესახებ კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში BP-ის კომუნიკაციისა და საგარეო ურთიერთობების საკითხთა ვიცეპრეზიდენტ ბახთიარ ასლანბეილმა აზერბაიჯანულ ტელეარხ CBC-ისთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ და ვგეგმავთ, რომ წელს Stage-2-ზე წარმოების პიკს მივაღწევთ,“ - აცხადებს ასლანბეილი.

მისი თქმით, აზერბაიჯანში, განსაკუთრებით შაჰდენიზის საბადოს განვითარების პროექტის ფარგლებში, 2022 წელი BP-ის საქმიანობისთვის საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი იყო. ასლანბეილის შეფასებით, გასული წლის ყველაზე დიდი მიღწევა შაჰდენიზის საბადოზე გაზის მოპოვების ზრდაა, რაც წელსაც გაგრძელდება.

„ამისთვის ჩართულია დამატებითი რესურსები, მიმდინარეობს ოპერაციების ოპტიმიზაცია, რომ საკითხი რაც შეიძლება, სწრაფად მოგვარდეს როგორც ბურღვის, ასევე, ოპერატიული ეფექტურობის კუთხით,“ - აცხადებს ვიცეპრეზიდენტი.

ახლახან BP-მ შაჰდენიზზე სადაზვერვო ჭაბურღილის, SDX-8-ის ბურღვა დაიწყო, რომ უფრო ღრმა ჰორიზონტებზე გაზის რესურსების პოტენციალი შეაფასოს, რომლებიც საბადოს აღმოსავლეთ ფრთაზე ამჟამად ექსპლუატირებული პროდუქტიული წარმონაქმნების ქვემოთ მდებარეობს. ბახთიარ ასლანბეილის თქმით, თუ ღრმა ფენებზე საძიებო ჭაბურღილის მონაცემთა ინტერპრეტაციის შედეგები დადებითი იქნა, შაჰდენიზზე გაზის დამატებითი მოცულობები გაჩდნება.

2022 წელს შაჰდენიზის საბადოდან 25,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნა მოპოვებული, რაც, 2021 წელთან შედარებით, 11,5%-ით მეტია. ამასთან, საბადოზე 4,4 მილიონი ტონა კონდენსატი იქნა წარმოებული, რაც წინა წელზე 4,8%-ით მეტია.

შაჰდენიზის გაზის ექსპორტმა 2022 წელს 20 მილიარდ 803,7 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც, 2021 წელთან შედარებით, 18,1%-ით მეტია.

შაჰდენიზის საბადოს განვითარების ხელშეკრულება ბაქოში, 1996 წლის 4 ივნისს გაფორმდა და მილი მეჯლისის მიერ იმავე წლის 17 ოქტომბერს იქნა რატიფიცირებული. საბადოდან გაზის წარმოება 2006 წლის დეკემბერში დაიწყო. ამჟამად კონტრაქტის მხარეთა წილობრივი მონაწილეობა ასეთია: BP (29,99%), „ლუკოილი“ (19,99%), TPAO (19%), SOCAR (14,35%), NICO (10%) დახურული სააქციო საზოგადება Cenub Qaz Dehlizi (6,67%).

მოამზადა ლადო სულაბერიძემ