თბილისში 18 ათასამდე ტაქსი მოძრაობს - რა თანხას იხდიან ბიუჯეტში

დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით გადაყვანის ნებართვებიდან ბიუჯეტში შესული თანხა გაიზარდა. თუ 2022 წელს ხაზინაში ამ მოსაკრებლიდან 950 200 ლარი შევიდა, 2022-ში თანხის მოცულობამ 1 555 000 ლარი შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე).

ამასთან, რეფორმის დაწყებიდან დღემდე ნებართვების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ 2018 წელს თბილისში დაახლოებით 8-9 ათასი ტაქსი მოძრაობდა, ამ დროისთვის ლიცენზია უკვე 17 799 ავტოსატრანსპორტო საშუალებაზეა გაცემული. ამ მაჩვენებელში შედის როგორც A, ასევე B კატეგორიის ტაქსები.

შეგახსენებთ, რომ ტაქსების რეფორმა თბილისში 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო, რა დროიდანაც ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე აიკრძალა. 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი, რეფორმის შემდეგი ეტაპი ტაქსის ფერს შეეხო და მანათობლების მქონე ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის გახდა. შესაბამისად, თეთრი ფერის ტაქსები A კატეგორიას მიეკუთვნებიან, მანათობლის გარეშე მოძრავი ტაქსები, რომლებიც აპლიკაციის მეშვეობით ემსახურებიან მგზავრებს, B კატეგორიას.

რაც შეეხება მოსაკრებელს, თბილისში ტაქსების კატეგორია 3 ნაწილად არის დაყოფილი და თანხაც იმის მიხედვით არის განსაზღვრული, თუ რა ტიპის მანქანა იღებს ლიცენზიას. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადასაყვანად, ერთწლიანი ნებართვის მისაღებად, მძღოლი იხდის 100 ლარს. ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში ეს თანხა შეადგენს 50 ლარს. ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა ნებართვის გაცემის საფასურისგან 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სრულად თავისუფალია.

რაც შეეხება ბიუჯეტში შესულ თანხის მოცულობას აღნიშნული მოსაკრებლიდან, ასეთია:

2019 წელი - 1 444 650 ლარი

2020 წელი - 978 850 ლარი

2021 წელი - 950 200 ლარი

2022 წელი - 1 555 000 ლარი