შვეიცარული კომპანია TAP-ის პროექტს ტოვებს და თავის წილს 210 მლნ ევროდ ყიდის

შვეიცარული ენერგეტიკული კონცერნი, Axpo ტრანსადრიატიკის გაზსადენის (TAP) ოპერატორ კომპანია Trans Adriatic Pipeline AG-ში თავის წილს ბელგიურ Fluxys-სა და ესპანური Enagas SA-ზე ყიდის. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ Axpo-ს ოფიციალურ განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, TAP-ში Axpo-ს 5%-იანი წილიდან Fluxys აქციების 1%-ს, ხოლო Enagas 4%-ს შეიძენს, რის შედეგადაც თითოეული ეს ორი კომპანია TAP-ში მონაწილეობას 20%-მდე გაზრდის.

გარიგების ღირებულება 210 მლნ ევროა. ხელშეკრულება სტანდარტული პირობებისაა და სავარაუდოდ, 2023 წლის მეორე ნახევარში დასრულდება.

Axpo Group-ის ფინანსური დირექტორი, იორის გროფლინი აცხადებს, რომ კომპანია აგრძელებს სამსაფეხურიანი ბიზნესსტრატეგიის განხორციელებას და შვეიცარულ ბიზნესზე, ასევე, განახლებად ენერგიაზე, ვაჭრობასა და წარმოებაზე არის ფოკუსირებული. მისი თქმით, პროექტში თავისი წილის გაყიდვის მიუხედავად, TAP კომპანიისთვის სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, რადგან Axpo Solutions AG შაჰდენიზის კონსორციუმისგან მიღებული გაზის გრძელვადიანი მოცულობების გაყიდვას განაგრძობს.

იორის გროფლინის შეფასებით, მიმდინარე საერთაშორისო კონტექსტში და 2022 წლის ზაფხულში არსებული საბაზრო პირობების გათვალისწინებით, გაზის მიწოდების უსაფრთხოება და დივერსიფიკაცია „შვეიცარიისა და მთლიანად ევროპისთვის უმთავრეს პრიორიტეტებად რჩება.“

„TAP-ის მიერ ტრანსპორტირებული გაზი უზრუნველყოფს ენერგიის ახალ წყაროს, რომელიც საჭიროა როგორც ოჯახებისთვის, ასევე, ბიზნესისთვის და შვეიცარელი მომხმარებლებისთვის მიწოდების საიმედოობას ზრდის,“ - აცხადებს გროფლინი.

კომპანიის განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ Axpo-სთვის გაზით ვაჭრობა ცენტრალურ საერთაშორისო ბიზნესად რჩება, რა სფეროშიც წყალბადი და სხვა დაბალნახშირბადიანი აირები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. კომპანიის მიზანია, ნახშირბადნეიტრალური მომავლის მიღწევაში სათანადო წვლილი შეიტანოს.

ტრანსადრიატიკის მილსადენი, ანუ TAP გაზის სამხრეთ დერეფნის ევროპული ნაწილია, რომლითაც იტალიას ყოველწლიურად 8 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო საბერძნეთსა და ბულგარეთს სათითაოდ მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება. ამ ქვეყნებისთვის TAP-ით გაზის მიწოდება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, ხოლო წლევანდელი 1-ლი იანვრიდან მილსადენით გაზს რუმინეთიც იღებს.

TAP ტრანსანატოლიური მილსადენის, ანუ TANAP-ის (Trans-Anatolian Natural Gas Pipeline) გაგრძელებაა. TANAP აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით გადის. ამ მილსადენით გაზის ტრანსპორტირება აზერბაიჯანის შაჰდენიზის საბადოდან საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთით ხდება.

TAP განკუთვნილია ევროპისთვის წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის. TAP-ის საერთო სიგრძე 878 კმ-ია, საიდანაც 550 კმ საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილზე, 215 კმ - ალბანეთზე, 105 კმ ადრიატიკის ზღვაში, ხოლო 8 კმ იტალიის ტერიტორიაზე გადის. პროექტის ღირებულება 4,5 მლრდ ევროს შეადგენს.

აქამდე პროექტის აქციონერთა წილობრივი მონაცემები ასეთი იყო: SOCAR (20%), BP (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagas (16%) და Axpo (5%).

მოამზადა ლადო სულაბერიძემ