საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი გაიზარდა

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 140.282 მლნ დოლარით, წინა თვესთან შედარებით კი, 426.952 მლნ დოლარით გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.345 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 22.549 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 8.205 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 25.416 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება 2022 წლის ნოემბრის მონაცემებს, სახელმწიფო საგარეო ვალი 7.918 მლრდ დოლარს, ანუ მაშინდელი კურსით 21.501 მლრდ ლარს შეადგენდა.

2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, EIB -ს მიმართ ვალი - 919.651 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი - 1.304 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 2.072 მლრდ დოლარს აჭარბებს.

თაია არდოტელი