გაუტამ ადანი მილიარდერთა სიაში მერვეზე ჩამოქვეითდა - ინდოელის კომპანიების აქციები მკვეთრად უფასურდება

ინდოელი მილიარდერის, გაუტამ ადანის კონგლომერატ Adani Group-ში შემავალი კომპანიების აქციების ღირებულება კვლავ იკლებს. გამოცემა Bloomberg-ის თანახმად, ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Hindenburg Research-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ კომპანიების აქციების ფასები 68 მილიარდი დოლარით შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიალისტი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს, ეს ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად აისახება. Adani Green Energy-ის, Adani Transmission-ისა და Adani Total Gas-ის ღირებულებამ 20%-ით დაიკლო ბომბეისა და ინდოეთის ეროვნულ საფონდო ბირჟებზე.

თავად გაუტამ ადანიმ Forbes-ის მილიარდერთა სიაში მესამიდან მერვე ადგილზე გადაინაცვლა სულ რამდენიმე დღეში და ამჟამად მისი ქონება 88.2 მლრდ დოლარს შეადგენს.

2-წლიანი გამოძიების საფუძველზე Hindenburg Research ადანის კონგლომერატს ადანაშაულებს აქციებით მანიპულაციასა და მულტიმილიარდიან თაღლითობაში, რომელმაც სათავე ათწლეულების წინ აიღო.

ადანის კონგლომერატის წარმომადგენლები Hindenburg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "შერჩევითი დეზინფორმაციის, ძალადაკარგული, უსაფუძვლო და სამარცხვინო ბრალდებების მავნე კომბინაციად" მიიჩნევენ.

Adani Group-ის 54-გვერდიან პასუხში წერია, რომ Hindenburg-ის ბრალდებებმა სერიოზული და გაუთვალისწინებელი ეფექტი იქონია ინვესტორებზე, ბრალდებები კი არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ ინდოეთზე, მისი ინსტიტუტების მთლიანობასა და ქვეყნის განვითარების ამბიციებზე.

აღსანიშნია, რომ გაუტამ ადანიმ საკუთარი ბიზნეს იმპერიის შექმნას, რომელიც ენერგიის, აგრობიზნესის, უძრავი ქონებისა და თავდაცვის სექტორებს მოიცავს, 4 ათწლეული მოანდომა. გასულ წელს მისი კომპანიები ერთ-ერთი ყველაზე კარგი შედეგით გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე, არამედ მთლიანად აზიის მასშტაბით. მილიარდერს ახლო ურთიერთობა აქვს ინდოეთის პრემიერთან, ნარენდრა მოდისთან და მისი ამბიციური მიზნები მთავრობის პრიორიტეტებთანაც თანხვედრაშია.

რაც შეეხება ნათან ანდერსონის Hindeburg-ს, რომელიც ტექნიკურად კვლევით და სავაჭრო კომპანიად ითვლება, სულ რაღაც 5-წლიანი ისტორია აქვს და დიდი რეპუტაციით არ სარგებლობს, თუმცა საკუთარი სახელის დამკვიდრება უკვე მოახერხა.

კახი ჩაკვეტაძე