ევროკავშირში უკრაინული ხორბლის იმპორტი 2022 წელს 10-ჯერ გაიზარდა

უკრაინული ხორბლის იმპორტი ევროკავშირში, ხმელეთითა და მდინარეებით ტრანსპორტირების ხარჯზე, 2022 წელს 10-ჯერ გაიზარდა და 2,85 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ, როცა 2021 წელს 287 ათასი ტონა ხორბალი იყო ექსპორტირებული. ამის შესახებ ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში, იანუშ ვოიცეხოვსკიმ ევროკავშირის საბჭოს სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.

მისი თქმით, იმპორტის ზრდა ევროკომისიის მხარდაჭერით შექმნილი „ევროპული სოლიდარობის ხაზების“ შედეგად მოხდა, რაც უკრაინასა და ევროკავშირს შორის სახმელეთო და მდინარის მარშრუტებს მოიცავს.

ევროკომისრის მონაცემებით, ყველაზე დიდი მატება მზესუმზირის იმპორტში დაფიქსირდა, რაც 70-ზე მეტჯერ გაიზარდა. თუ 2021 წელს მზესუმზირის იმპორტმა 25 ათასი ტონა შეადგინა, 2022 წელს უკრაინიდან ევროკავშირში 1,8 მილიონი ტონა მზესუმზირა გაიტანეს. მარცვლეულიდან ძირითადი კულტურა, რომელსაც უკრაინა ევროკავშირს აწვდის, არის სიმინდი. მისი იმპორტი, დაახლოებით, 75%-ით, 2021 წლის 7,3 მილიონი ტონიდან 2022 წელს 12 მილიონ ტონამდე გაიზარდა.

იანუშ ვოიცეხოვსკის შეფასებით, ერთის მხრივ, ევროპას შეუძლია, მიიღოს და გამოიყენოს ეს მოცულობები, თუმცა, მეორეს მხრივ, გაზრდილმა იმპორტმა რეგიონში, კერძოდ, რუმინეთში, ბულგარეთში, პოლონეთსა და სლოვაკეთში ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა შეუქმნა. ამდენად, დღეს ევროკავშირის ამოცანა ამ პრობლემის მოგვარებაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ