თეთრმა სახლმა ამერიკულ კომპანიებზე Huawei-ისთვის პროდუქციის ექსპორტზე ლიცენზიის გაცემა შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკულ კომპანიებზე Huawei-ისთვის პროდუქციის ექსპორტზე ლიცენზიის გაცემა შეაჩერა - ამის შესახებ ბრიტანული Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მისი მონაცემებით, მსგავსი ნაბიჯი ამერიკის ხელისუფლებას აახლოვებს Huawei-სთვის ამერიკული ტექნოლოგიების მიყიდვის სრულ აკრძალვასთან. გამოცემამ აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი გადადგა იმ მიზნით, რომ მოკავშირეებთან ერთად შეაჩეროს ჩინეთის ტექნოლოგიური განვითარების ტემპები, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის და ჰიპერბგერითი იარაღის მიმართულებით.

როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე წელია Huawei მწვავე ამერიკული წნეხის ქვეშ იმყოფება, რომლებმაც ჩინურ კომპანიას სანქციებიც კი დაუწესეს. 2019 წლის 17 მაისს ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ Huawei ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველობის მიზეზით შავ სიაში შეიყვანა, რამაც ჩინურ კომპანიას მკვეთრად გაუუარესა მდგომარეობა, შეეძინა მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები აშშ-ში.

კოკა კვირკველია