როგორ უნდა მოიქცნენ მომხმარებლები, რომლებიც თვლიან, რომ usa2georgia-მ ფინანსური ზიანი მიაყენა

„usa2georgia-მ თვითონ გააცნობიერა, რომ ერთის მხრივ, გადახედავდა იმ პირობებს, რომლითაც ის ურთიერთობდა საკუთარ მომხმარებლებთან და ამავდროულად, იმ „ზიანს“, რომელიც მომხმარებელს მის მიერ არასათანადო ინფორმირების გამო მიადგა, ფინანსურად აუნაზღაურებდა“,- ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, პროცედურა მარტივია, მომხმარებლები, რომლებიც თვლიან, რომ 25 ოქტომბრიდან 25 იანვრის ჩათვლით კომპანიის მიერ მისთვის არასათანადოდ, არასრულფასოვნად, არასრულყოფილად, ან ინფორმაციის საერთოდ მიუწოდებლობის გამო მიადგა ზიანი, usa2georgia-ს ვებ-გვერდზე აკეთებს შესაბამის განაცხადს და usa2georgia ახდენს ამ ზიანის ანაზღაურებას.

„Usa2georgia-სთან მიმართებით, პირობითი ვალდებულების აღების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჩვენ შევწყვიტეთ მოკვლევა. კონკურენციის სააგენტოს არ დაუდგენია კონკრეტული სამართალდარღვევა იყო თუ არა. usa2georgia-მ თვითონ გააცნობიერა, რომ ერთის მხრივ, გადახედავდა იმ პირობებს, რომლითაც ის ურთიერთობდა საკუთარ მომხმარებლებთან და ამავდროულად, იმ „ზიანს“, რომელიც მომხმარებელს მის მიერ არასათანადო ინფორმირების გამო მიადგა, ფინანსურად აუნაზღაურებდა.

ბიზნესში ძალიან ხშირად ხდება, რომ სხვადასხვა საბაზრო კონიუნქტურის გათვალისწინებით, გარკვეული პირობები იცვლება, მაგრამ აქ პრობლემა ის არის, რომ ამის შესახებ მომხმარებლები წინასწარ ინფორმირებული არ იყვნენ. ზოგს დაუანგარიშეს წონის მიხედვით, ზოგს წონისა და მოცულობის მიხედვით, ზოგს მხოლოდ მოცულობის მიხედვით. ამას ადამიანები უკვე როგორც სტატუს-კვოს ისე იღებდნენ, ანუ, მათ ვალდებულებები უკვე დამდგარი ჰქონდათ და წინასწარ დათანხმებული არ იყვნენ კომპანიასთან, რომ ამ დამატებით ფინანსურ ვალდებულებას აიღებდნენ. ამან გამოიწვია გარკვეული უსიამოვნება, მათ შორის სოციალურ ქსელებში, მედიაში, საზოგადოებაში სერიოზული პროტესტი იყო. Usa2georgia-მ კარგად გაიაზრა ეს ყველაფერი“,- განაცხადა ლევან კალანდაძემ.

კითხვაზე, რა მოცულობის ზარალის ანაზღაურება მოუწევს კომპანიას? - ლევან კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია Usa2georgia-ს ვებ-გვერდზე შესულ განაცხადებზე.

„ეს დამოკიდებული იქნება იმ განცხადებებზე, რომელიც usa2-georgia-ს საიტზე შეივსება. პროცედურა ძალიან მარტივია, ყველა, ვინც თვლის, რომ 25 ოქტომბრიდან 25 იანვრის ჩათვლით კომპანიის მიერ მისთვის არასათანადო, არასრულფასოვანი, არასრულყოფილი, ან ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო მიადგა ზიანი, აკეთებს განაცხადს, ავსებს შესაბამის ფორმას და usa2georgia ახდენს ამ ზიანის ანაზღაურებას“,- განაცხადა ლევან კალანდაძემ.

ნინი ქეთელაური