Renault-ი Nissan-ში საკუთარ წილს შეამცირებს

Renault-მა და Nissan-მა მიაღწიეს შეთანხმებას ალიანსის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, რომელშიც ამ ორი კომპანიის გარდა ასევე შედის Mitsubishi. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ახალი პირობების თანახმად ფრანგული Renault-ი არსებული 43-დან 15%-მდე შეამცირებს საკუთარ წილს იაპონურ კომპანიაში, Nissan კი თავის მხრივ, შეიძენს Renault-ის ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების განყოფილება Ampere-ში ასევე, 15%-ს. ამის შესახებ ოფიციალურად 6 თებერვალს გამოცხადდება.

ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ითქვა, რომ Renault-ის თავკაცი ლუკა დი მეო და Nissan-ის ხელმძღვანელი მაკიტო უშიდა გამართავდნენ შეხვედრას კონცერნის მომავალთან დაკავშირებით. უკვე მაშინ ითქვა ინსაიდერების მხრიდან, რომ საუბარი შეეხებოდა ფრანგების წილის შემცირებას იაპონურ კომპანიაში, რასაც პარტნიორები უნდა გაეთანაბრებინა.

ახალი ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა გამართეს ონლაინ მოლაპარაკებები, რომლის ფარგლებშიც მიღწეულია შეთანხმება Renault-ს წილის შემცირებაზე.

Renault-Nissan შეიქმნა 1999 წელს. ბოლო წლებში ეს არათანაბარი პარტნიორობა კომპანიაში დაძაბულობას ქმნიდა, ვინაიდან ფრანგებს აძლევდა უფლებას, ჩარეულიყვნენ Nissan-ის მართვაში. იაპონელები კი მხოლოდ 15%-იან წილს ფლობდნენ Renault-ში, თანაც ხმის უფლების გარეშე.

სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა კარლოს გონის დაკავებისა და შემდეგ გაქცევის გამო, რომელიც იმ დროს ალიანსს ხელმძღვანელობდა. ის 2019 წლიდან ლიბანში იმალება და იაპონიის ხელისუფლებას Nissan-თან შეთქმულებაში ადანაშაულებს, რომელიც წინააღმდეგი იყო Renault-სთან დაახლოების.

კოკა კვირკველია