Ryanair-ი უკრაინელ პერსონალს ქვეყანაში დაბრუნების მოლოდინით ასაქმებს

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Ryanair-ი უკრაინელი პილოტებისა და ბორტგამცილებელთა მნიშვნელოვან რაოდენობას ასაქმებს, რომ რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში დასაბრუნებლად მზად იყოს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ ანალიტიკოსებს მესამე კვარტლის ფინანსური შედეგების გამოქვეყნების დროს განუცხადა, რასაც სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენ მეტად მოწადინებული ვართ უკრაინაში დასაბრუნებლად, როგორც კი ეს უსაფრთხო იქნება. ჩვენ ვასაქმებთ არცთუ ცოტა უკრაინელ პილოტსა და ბორტგამცილებელს, რომ უკრაინაში ბაზების აღდგენა შევძლოთ, თუკი ან როცა ეს უსაფრთხო იქნება,“ - აცხადებს ო’ლირი.

2022 წლის 8 თებერვალს, უკრაინაზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ ცნობების ფონზე, Ryanair-მა ბილეთების გაყიდვა ხარკოვიდან და ხერსონიდან ყველა ფრენაზე შეწყვიტა. 16 თებერვალს მაიკლ ო'ლირიმ განაცხადა, რომ „თუ ქვეყანაში საბჭოთა შეჭრა არ მოხდება,“ ავიაკომპანია უკრაინის ბაზარს არ დატოვებს და ქვეყნის შიგნით და გარეთ ფრენებს გააგრძელებს. რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე Ryanair-მა უკრაინაში 20-მდე თვითმფრინავის მუდმივი განლაგების გეგმა დააანონსა.

გასულ წელს ო'ლირიმ განაცხადა, რომ საწვავის ხარჯის მკვეთრი ზრდის გამო ავიაკომპანია იაფ ფრენებზე უარს ამბობს. მისი თქმით, 10-ევროიანი ბილეთების ეპოქა დასრულდა, ხოლო ავიაკომპანიის ბილეთის საშუალო ღირებულება 2022 წლის 40-ევროიანი ფასიდან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 50 ევრომდე გაიზრდება.

უკრაინამ საჰაერო სივრცე 24 თებერვალს, რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის დღესვე დახურა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ