„ყოველდღიურად ასეულობით საეჭვო ტრანზაქციის შემცველი ანგარიში იხურება“

„ყოველდღიურად ასეულობით საეჭვო ტრანზაქციის შემცველი ანგარიში იხურება,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

ასე გამოეხმაურა ძნელაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეები რუსეთიდან გზავნილებს საქართველოს მოქალაქეების დახმარებით ანაღდებენ. კერძოდ, ფული რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების ანგარიშებზე ირიცხება, რისთვისაც რუსეთის მოქალაქები ამ პირებს ძირითადად, 50-100 ლარს უხდიან.

„გახსოვთ, ანგარიშების გახსნის პროცესი რომ იყო, უამრავ არარეზიდენტ ადამიანს არ ეხსნებოდა, მაგრამ ბევრი ახერხებდა ანგარიშის გახსნას. დღეის მდგომარეობით კი, ვხედავთ, რომ დიდი რაოდენობით ანგარიშები იხურება. თუ თქვენი ტრანზაქციები არასტანდარტული ანგარიშებია და ეჭვის საფუძველს იძლევა, ბანკს აქვს უფლება შეგიჩეროთ გადმორიცხვა და დაგიხუროთ ანგარიში. მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი დღეის მდგომარეობით ძალიან გააქტიურებულია.

რა შემთხვევაც გავრცელდა მედიაში, ეს არის ინდივიდუალური შემთხვევები, მაგრამ ასეთი ფაქტები ხშირი არ არის. იგივე პროცესი იყო გემბლინგთან დაკავშირებით, როდესაც ანგარიშების გაქირავება დაიწყო 25 წელზე მეტი ასაკის ადამიანების მხრიდან, ამ შემთხვევაში იყო მონიტორინგი და ამ საკითხსაც ექცევა ყურადღება.

დღეის მდგომარეობით, არის გარკვეული რისკის შემცველი ტრანზაქციები კონკრეტული ქვეყნებიდან, რომელიც მაღალი მონიტორინგის ქვეშ ხვდება. ტრანზაქციის განხორციელების დროს ბანკი იღებს სრულ პასუხისმგებლობას და თუ საეჭვოდ მიიჩნია საბანკო ოპერაცია, შეუძლია გააჩეროს. ყოველდღიურად საკმაოდ ბევრი - ასეულობით ანგარიში იხურება. თუ თქვენი ანგარიში საეჭვო ტრანზაქციებს შეიცავს, დაგიკავშირდებათ ბანკი და იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახსნით აღნიშნული ტრანზაქციის შინაარსს, თქვენ მომსახურებაზე შესაძლოა, ნებისმიერმა ბანკმა თქვას უარი,“- განაცხადა ძნელაძემ.

თაია არდოტელი