„შემოსულია 120 განაცხადი“- ვის უჩივიან მომხმარებლები ყველაზე ხშირად

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში, კონკურენციის სააგენტოში მომხმარებლების მხრიდან, დღეისთვის, 120 საჩივარია შესული. როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, აქედან 63 „ქეისზე“ მოკვლევა უკვე დაწყებულია, მათგან 12-ზე კი, პირობითი გადაწყვეტილება მიღებულია.

ლევან კალანდაძის ინფორმაციით, მომხმარებლები ყველაზე ხშირად ონლაინ მოვაჭრეებს უჩივიან, კერძოდ, ტექნიკისა და ტანსაცმლის რითეილერებს.

„დღემდე შემოსულია 120 განაცხადი. კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის ეს არის საკმაოდ დიდი მოცულობა, ჩვენი მასშტაბიდან გამომდინარე. 120 განცხადებიდან საქმე დაწყებულია 63 „ქეისზე“. ანუ, ნახევარზე მეტი წარმოადგენს ვალიდურ საფუძველს კონკურენციის სააგენტოსთვის, რომ დაიწყოს მოკვლევა. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა არის ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებული და თუ კიდევ უფრო სპეციფიკურ დეტალებს დავაზუსტებთ, ეს არის ონლაინ ვაჭრობა ტექნიკის და ტანსაცმლის მიმართულებით.

მოქმედი 63 საქმიდან 12-ზე უკვე მიღებულია პირობითი გადაწყვეტილება. აქ ერთი ტენდენცია მინდა აღვნიშნო, როგორც კი კანონის სავარაუდო დამრღვევი აცნობიერებს, რომ ერთის მხრივ მისი შესაძლო არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების, მის მიერ არასწორად რისკების გათვლის, ან ზოგიერთ შემთხვევაში, უპასუხისმგებლო მიდგომის გამო, შესაძლებელია მისი კომპანია, როგორც ბიზნესი, როგორც შემოსავლის წყარო, მნიშვნელოვნად დაზარალდეს, პირველივე ჯერზე იწყებს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან საუბარს, პირობითი ვალდებულების აღებაზე“,- განაცხადა ლევან კალანდაძემ.

ნინი ქეთელაური