აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული საკვები პროდუქტები

ბრიტანული გამოცემა ”ტელეგრაფი” აუქციონების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტების ჩამონათვალს აქვეყნებს.

მსოფლიო აუქციონების ისტორიას ახსოვს ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშები, ავტომობილები, ბრილიანტები, ცნობილი ადამიანების ტანსაცმელი, აქსესუარები, ხელნაწერები, რომელთა სანაცვლოდ კოლექციონერები ათობით მილიონ დოლარს არ იშურებენ. თუმცა, არიან კოლექციონერები, რომლებიც უამრავ თანხას იხდიან აუქციონზე გატნილი საკვები პროდუქტების სანაცვლოდ. ბრიტანული გამოცემა ”ტელეგრაფი” აუქციონების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ პროდუქტების ჩამონათვალს აქვეყნებს.

2014 წლის 20 იანვარს ჰონგ კონგში, ”სოტბის” აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა Macallan-ის ვისკი Imperiale M Decanter-ი. უცნობმა კოლექციონერმა ”მაკალანის” 6-ლიტრიანი ვისკის სანაცვლოდ 4,9 მილიონი ჰონგკონგური დოლარი (დაახლოებით 632 ათასი დოლარი) გადაიხადა. წინა რეკორდიც კომპანია ”მაკალანის” ვისკის ეკუთვნოდა, რომელიც 2010 წელს, ნიუ იორკში გამართულ აუქციონზე 460 ათას დოლარად გაიყიდა.

ალბათ რთული დასაჯერებელია, რომ არსებობენ კოლექციონერები, რომლებიც მზად არიან სენდვიჩის სანაცვლოდ რამდენიმე ათასი დოლარი გადაიხადონ. თუმცა, 2004 წლის ნოემბერში მაიამელმა დაიან დუსერმა eBay-ის აუქციონზე 28 ათას დოლარად გაყიდა სენდვიჩი, რომელსაც ათი წელი ინახავდა. სენდვიჩის მფლობელის მტკიცებით, კვერცხიან პურზე ღვთისმშობელი მარიამი იყო გამოსახული.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული შოკოლადი Cadbury’s შოკოლადი გახდა, რომელიც რობერტ სკოტს ანტარქტიკაზე პირველი ექსპედიციის დროს ჰქონდა თან. 2001 წლის სექტემბერში ლონდონის ”კრისტის” აუქციონზე თითქმის საუკუნის დაძველების მქონე შოკოლადის ფილა უცნობმა კოლექციონერმა 687 დოლარად შეიძინა.

თეთრი ტრიუფელების შეძენით არის გატაცებული ჰონგკონგელი მაგნატი სტენლი ჰო, რომელმაც 2007 წელს რეკორდული თანხა - 333 ათასი დოლარი გადაიხადა ტრიუფელების სანაცვლოდ.

აუქციონების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შოკოლადის კვერცხი 2010 წელს ლონდონის ”კრიტის” აუქციონზე გაიყიდა. ოქროსფერი ფოთლებით გაწყობილი 50-კილოგრამიანი შოკოლადის კვერცხი 11 107 დოლარად გაიყიდა.

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწინების ცერემონიალის ტორტის ნაჭრები ცერემონიალიდან სამი წლის შემდეგ,  2014 წელს გამართულ აუქციონზე 7 500 დოლარად გაიყიდა. bpn

2006 წელს ლონდონში გამართულ საქველმოქმედო გალა სადილზე 17 473 დოლარად გაიყიდა ე.წ. ”ბედის ნამცხვარი”.

ცნობილ ადამიანებთან სადილზე ალბათ ბევრს უოცნებია, თუმცა 2008 წლის ივნისში ჰონგ კონგელმა ინვესტორმა 2,1 მილიონი დოლარი გადაიხადა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთან, უორენ ბაფეტთან სადილობის სანაცვლოდ.

2014 წლის ოქტომბერში ჰონგ კონგში გამართულ აუქციონზე რეკორდი დამყარდა ყველაზე ძვირადღირებული ღვინის ლოტით. უცნობმა კოლექციონერმა 12 მილიონ ჰონგკონგურ დოლარზე მეტი (1,6 მილიონი აშშ დოლარი) გადაიხადა ბურგუნდიული ღვინის 114 ბოთლის სანაცვლოდ.