აბრამოვიჩის მიერ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული თანხა უკრაინელებს მოხმარდება

დიდი ბრიტანეთის მთავრობა მილიარდერ რომან აბრამოვიჩის ყოფილ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული 2,3 მლრდ ფუნტის (2,83 მლრდ დოლარის) ახალ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვას აპირებს, რომელიც უკრაინის ომში დაზარალებულებს დაეხმარება. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამ მიზნით ბრიტანეთის ხელისუფლება ყველა საჭირო დოკუმენტს ამზადებს, თუმცა მას ევროკავშირის თანხმობა ჯერ კიდევ სჭირდება, რადგან აბრამოვიჩი როგორც გაერთიანებული სამეფოს, ასევე, ევროკავშირის სანქციებს ექვემდებარება.

ფონდი ახლადშექმნილია და გაერთიანებული სამეფოს საქველმოქმედო კომისიის ლიცენზიას ელოდება. ახალ ფონდს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საქველმოქმედო ორგანიზაციის, Unicef-ის ბრიტანული განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, მაიკ პენროუზი უხელმძღვანელებს. ეს პირობა დიდი ბრიტანეთის მთავრობასა და აბრამოვიჩს შორის 2022 წლის მაისში ხელმოწერილ შეთანხმებაში არის გათვალისწინებული. უახლოეს კვირებში ფონდის გამგეობა შეიქმნება და მისი პროექტები გამოცხადდება, ხოლო საბჭოში ჰუმანიტარული და ბიზნესსფეროების „მსოფლიოში აღიარებული“ მოღვაწეები მოხვდებიან. სავარაუდოდ, ფონდი თანხას რამდენიმე კვირაში მიიღებს.

მაიკ პენროუზი გასული წლის მაისში The Telegraph-თან აცხადებდა, რომ უკრაინაში იმყოფებოდა, ხოლო ფონდის ამოცანებს შორის იქნება უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება, ასევე, ფრონტის ხაზზე მყოფი ადამიანების დახმარება საკვებით, განათლებისა და სამედიცინო სერვისებით. 2022 წელს „ჩელსის“ გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის მცირე ნაწილი განიბლოკა, რომ პენროუზს ფონდის იურიდიული ბაზის შესაქმნელად იურისტები დაექირავებინა.

აბრამოვიჩის პრესსამსახური განმარტავს, რომ კლუბის გაყიდვის შემდეგ ფული „აბრამოვიჩის ანგარიშზე არ გადარიცხულა და მას შემდეგ ბრიტანეთის ხელისუფლების განკარგულებაშია. მილიარდერს ამ ფულზე წვდომა არა აქვს და მის განკარგვაში არ მონაწილეობს.“

აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 2003 წელს 187 მლნ დოლარად იყიდა, ხოლო 2022 წლის მაისში გაყიდა. კლუბის ახალი მფლობელი გახდა ინვესტორთა ჯგუფი, რომელსაც ამერიკელი მილიარდერი, ტოდ ბოელი ხელმძღვანელობს.

The Telegraph-ის შეფასებით, თანხის ოდენობა შესაძლოა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ შემოწირულობად იქცეს მსგავსი კონფლიქტების მსხვერპლთა დასახმარებლად.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ