„სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 1-1.5%-ით გაიზრდება“

„საშუალოვადიან პერიოდში აღარ უნდა ველოდოთ მინიმალურ საპროცენტო განაკვეთებს, როგორიც იყო 2017-2018-2019 წლებში,“- ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

„2022 წლის განმავლობაში ჭარბი ლიკვიდობა იყო ცალსახად უცხოურ ვალუტაში, მთლიანად საბანკო სისტემაში. დღეის მდგომარეობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით მაღალი ლიკვიდობა არის იმ მოთხოვნასთან მიმართებაში, რაც არის. მაგრამ მაინც ბანკებს უხდებათ დამატებით ახალი რესურსების მოზიდვა. დღეის მდგომარეობით, უცხოურ ვალუტაშიც და ლარშიც რესურსების მოზიდვა უფრო ძვირია, იქედან გამომდინარე, რომ ფედერალურმა რეზერვმა უკვე პრაქტიკულად 4%-ს გადააჭარბა. თეორიულად არის მოლოდინი, რომ კიდევ შეიძლება გაიზარდოს.

ლარში საპროცენტო განაკვეთის, მონეტარული პოლიტიკის შერბილებას უფრო ზაფხულის შემდეგ მოველით, მაგრამ აქ უნდა დავამატოთ ის რეგულაციები, რაც თან ერთვის ამ ყველაფერს, ეს არის კაპიტალის დამატებითი მოთხოვნა, ასევე მოგების გადასახადის სტრუქტურის ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვნად დააწვება ბანკს, კონკრეტული ბანკის ხედვიდან და პროდუქტებიდან გამომდინარე იქნება, თუ სად აისახება აღნიშნული, ეს იქნება ხარჯების ოპტიმიზაცია, სხვადასხვა პროდუქტებში ასახვა, თუ ა.შ.

ყველა ანალიტიკოსი პროგნოზს აკეთებს, რომ საშუალოვადიან - 3 წლის პერიოდში აღარ უნდა ველოდოთ მინიმალურ საპროცენტო განაკვეთებს, როგორიც იყო 2017-2018–2019 წლებში. უნდა ითქვას, რომ უფრო მეტად მომხმარებელს მოუწევს ადაპტაცია შედარებით მაღალ საპროცენტო განაკვეთზე, ეს ნიშნავს რომ არა მხოლოდ ფიზიკურ პირებს, არამედ კომპანიებსაც მოუწევთ ახალ ხარჯებზე გადაწყობა. კონკრეტული ციფრის თქმა გამიჭირდება, ლარში შესაძლოა უფრო ნაკლები იყოს ზრდა, რადგან ზაფხულში დაიწყოს რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, უცხოურ ვალუტაში სავარაუდოდ 1-1.5%-ით გაიზრდება საპროცენტო განაკვეთი,“ - აღნიშნა ძნელაძემ.

თაია არდოტელი