სატვირთო ტრანსპორტისა და ლოგისტიკური მომსახურებების განვითარების თემაზე სემინარი გაიმართება

მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში დღეს სემინარი "სატვირთო ტრანსპორტისა და ლოგისტიკური მომსახურებების განვითარება საქართველოში" გაიმართება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას გახსნიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ჰენრი ქერალი.

სამინისტროს ინფორმაციით, სემინარის მთავარ მიზანს მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელებული მიღწევების, სამომავლო გეგმებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდება წარმოადგენს. სემინარში სახელმწიფო უწყებების გარდა ასევე მონაწილეობენ კერძო სექტორისა და ლოგისტიკის განხრით საქართველოში ორი მნიშვნელოვანი სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები - ბათუმის საზღვაო სახელმწიფო აკადემია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში, მიმდინარეობს პროექტი Development of a Green Growth Strategy for the Freight Transport and Logistics Sector in Georgia. უწყების ინფორმაციით, პროექტის მიზანს წარმოადგენს სატვირთო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარება, საინვესტიციო პროგრამის შემუშავება მულტიმოდალური სატვირთო დერეფნების და მწვანე ლოგისტიკის განვითარების მიზნით, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის.