დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო.

სხდომა 18 თებერვალს, 11:00 საათზე ჩატარდება.

სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურიდან ოქმი, კლინიკა "ვივამედიდან" კი ცნობა იყო წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ტრანსპორტირების ნებართვა არ ეძლეოდა, თავად სააკაშვილი კი სხდომაზე დისტანციურად ჩართვაზე უარს აცხადებდა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.