ჰონკონგში დახარჯული ყოველი ხუთი ცენტი ლი კა-შინის ჯიბეში მიდის

ლი კა-შინი: ყოველთვის მზად იყავი ცუდისთვის

ლი კა-შინი უმდიდრესი ადამიანია არა მხოლოდ ჩინეთსა და ჰონკონგში, არამედ მთელ აღმოსავლეთ აზიაში. 84 წლის მეწარმე 31 მლრდ დოლარის მფლობელია. ის იმ მილიარდერთა რიცხვშია, რომელთაც ზღაპრული სიმდიდრის დაგროვება ნულიდან დაიწყეს. ბევრი ხუმრობს, რომ ჰონკონგში დახარჯული ყოველი ხუთი ცენტი დღეს ლი კა-შინის ჯიბეში მიდის - იმდენად მრავალგვარი საქმიანობის სფერო აქვს ამ ადამიანს.

დღეს ის ჰონკონგში ცხოვრობს და მუშაობს; ჰონკონგსა და მსოფლიოს 53 ქვეყანაში აქვს დიდი კომპანიები, რომლებშიც, საერთო ჯამში, 270 ათასზე მეტი კაცია დასაქმებული. მისი საქმიანობის სფეროებია მობილური კავშირი, ელექტროენერგია, საცალო ვაჭრობის ბაზარი, სამშენებლო კომპანიები, ჰონკონგის პორტი და ა.შ..

1928 წელს დაიბადა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში, ღარიბი მასწავლებლის ოჯახში. 10 წლისა ტუბერკულოზით დაავადდა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. 1940 წელს მისი ოჯახი იაპონიის მიერ ჩინეთის დაპყრობის მცდელობებს ჰონკონგში გაექცა, სადაც მდიდარმა ნათესავმა შეიკედლა. ლის მამა, რომელსაც მკურნალობის ფული არ ჰქონდა, მალე ემსხვერპლა ტუბერკულოზს. დაობლებულმა მოზარდმა ხუთი კლასიც ვერ დაასრულა, ისე დაიწყო საარსებო ფულის შოვნაზე ფიქრი. თავიდან საათების სამაჯურებს ყიდდა, მერე კი პლასტმასის ყვავილების დამამზადებელ ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა, ცვლის დასრულების შემდეგ ღამის სკოლაში დადიოდა.

როცა მწირი სასტარტო კაპიტალი დააგროვა, სპეციალური განათლების უქონელმა ლიმ საცალო ვაჭრობით დაიწყო კარიერა, მოგვიანებით კი პლასტმასის ნაწარმის კომპანიას ჩაუდგა სათავეში. საოცარი ალღოსა და საქმოსნური ნიჭის წყალობით, მისი კომპანია მალე გაიზარდა და როცა აშშ-ში დაიწყო ხელოვნური ყვავილების გაყიდვა, პლასტმასის სათამაშოების გამოშვებასაც შეუდგა, მიღებული შემოსავალი კიდევ უფრო გაზარდა და დღეს უდიდესი იმპერიის მფლობელია.

ლი კა-შინის ბიზნესციტატები:

1. ჩემი პრინციპია, არასდროს წავიდე ფინანსურ რისკზე.

2. მსოფლმხედველობის გაფართოება და სტაბილურობისკენ სწრაფვა - აი, ჩემი ფილოსოფია.

3. თქვენს ბიზნესს უნდა იცნობდეთ ანიდან ჰაემდე, სხვაგვარად თქვენი კომპანია ”ერთდღიანთა” რიგებს შეავსებს.

4. კარგი რეპუტაცია წარმატებისკენ მიმავალი გზაა. თქვენი კლიენტების ერთგული უნდა იყოთ.

5. თვითონ დავუდგინე საკუთარ თავს ჩარჩოები. არსებობს ბიზნესის სახეები, რომლებსაც არასოდეს მოვკიდებ ხელს. ასეთია ჩემი პრინციპი და მას არ ვუღალატებ.

6. რაც მეტს გაიგებთ, მით უფრო მომზადებული ხართ, ხოლო თუ მომზადებული ხართ, საწუხარიც არაფერია.

7. ყოველთვის მზად იყავით ცუდისთვის.

8. საქმე მხოლოდ იღბალი არ არის, საჭიროა მიზნების დასახვა და მძიმე შრომით მათი მიღწევა.

9. თითოეულ ცენტს ვზოგავ რამდენადაც უნდა გაიზარდოს ჩემი კაპიტალი, მაინც სტაბილურობისკენ ვისწრაფვი. ამ მხრივ კონსერვატიული ვარ.

10. ერთ დროს თავადაც დაქირავებული მუშა ვიყავი, ამიტომ კარგად ვიცი, რა სურთ ჩემს თანამშრომლებს.